გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო: რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტურ კონტროლს ახორციელებს

21-04-2021 14:23:11 ანალიზი

საქართველოს ოთხი მოქალაქე მდინარე ენგურში მაშინ დაიხრჩო, როცა ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსვლას შეეცადნენ. ეს ადამიანები რუსი ოკუპანტებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. ორი დაღუპული ქალი და ერთი მამაკაცი სოფელ წარჩეში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრები არიან. მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.

2017 წლის შემდეგ მდინარე ენგურზე გამავალი ხიდი ერთადერთი გზაა, რომლითაც რიგითი მოქალაქეები აფხაზეთიდან საოკუპაციო ხაზს კვეთენ. მანამდე, სულ მცირე, 6 ე.წ. გამშვები პუნქტი არსებობდა, თუმცა, რუსეთმა მათი რაოდენობა ერთამდე შეამცირა. გალის რაიონის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური ქართველები არიან და ქართულ მხარესთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ. მათ შორის, ბევრი ქართულ პენსიასაც იღებს და ფულის მისაღებად ზუგდიდში უწევს ჩამოსვლა.

შემზარავ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებული შეზღუდვები ადამიანების დაღუპვის მიზეზად პირდაპირ დაასახელა: „ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივმა ჩაკეტვამ და გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, ხელი შეუწყო სიკვდილიანობის ზრდას და კიდევ უფრო გააუარესა ჰუმანიტარული და სოციალურ–ეკონომიკური სიტუაცია პანდემიის პირობებში.“

24 მარტს საბჭომ რეზოლუცია სახელწოდებით – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, სადაც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესებაზეა საუბარი. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ადგილზე ეფექტურ კონტროლს რუსეთი ახორციელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საბჭომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე იანვარში გამოტანილი გადაწყვეტილება გაითვალისწინა. ზალკალიანი აცხადებს, რომ გაერო-ს საბჭომ „პირველად აღნიშნა, რომ რუსეთი ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ორ ოკუპირებულ რეგიონში.“

რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის უკანონობაზეც ამახვილებს ყურადღებას. ადამიანის უფლებათა დამცველები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული დისკრიმინაცია, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების დარღვევა, უკანონო გატაცებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ქართულ ენაზე განათლების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვები და იძულებით გადაადგილებულ პირთა ნასახლარების განადგურება იმ დაუსრულებელი დანაშაულებების ნაწილია, რის გამოც უფლებადამცველები რუსეთისკენ მუდმივად იშვერენ თითს.

გაერო-ს საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დევნილებს კვლავაც ჩამორთმეული აქვთ აფხაზეთსა და ცხინვალში საკუთარ სახლებში საერთაშორისო სამართლით მინიჭებული დაბრუნების უფლება. ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 2014 წლიდან 2019 წლამდე ეთნიკური ქართველების მკვლელობებისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდას უწყობს ხელს. საბჭომ რუსეთს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეშვება კიდევ ერთხელ მოსთხოვა, თუმცა, კრემლს ორივე რეგიონი სრულად იზოლირებული აქვს და საერთაშორისო დამკვირვებლებს ახლოსაც კი არ უშვებს.

ნოდარ შეშელიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები