რა გადაწყვეტილებები მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ

21-04-2021 15:16:53 საზოგადოება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში ამ დროისთვის მოქმედი ყველა მოქმედი შეზღუდვა ძალაში დატოვა.

როგორც საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგულაციების დაცვასა და მათ აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზეა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე – საქართველოში, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას და მკაცრად აღსრულებას მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება:

  • შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-05:00 საათამდე პერიოდში.
  • შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე;
  • როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე;
  • მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი;
  • საზღვარზე შემოსული პირების პისიარ-კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ;
  • საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტიური ტესტირება;
  • ეპიდევითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში;
  • მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია;

საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებასა თუ მათში მონაწილეობაზე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები