მეგრელიშვილი – ჯაფარიძეზე: "წარმატება რომ ვუსურვო ცინიკურად გამოჩნდება, ამიტომ წარუმატებლობას ვუსურვებ"
22/04/2021 09:16:48 პოლიტიკა
"წარმატება რომ ვუსურვო ცინიკურად გამოჩნდება, ამიტომ წარუმატებლობას ვუსურვებ. აბა რა ვქნა?!", – ასე ეხმიანება "გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ყოფილ თანაგულდელის, "გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის სარჩელის განხილვის დაწყებას საკონსტიტუციო სასამართლოში.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის “ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ცოტა ხნის წინ კორძაიას წარმომადგენელმა დღევანდელი და ხვალ დაგეგმილი სხდომის 2 კვირით გადადების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა თავის მხრივ, ზურა ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიას წარმომადგენელმა აღნიშნეს, რომ ისინი სხდომის ჩატარებას უჭერდნენ მხარს.
"მირჩევნია, სარჩელის განხილვა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს. გადადებას მხარს არ ვუჭერ. პოლიტიკური თვალსაზრისით ისეთი ვითარებაა, მირჩევნია საკითხი სწრაფად იყოს განხილული", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
დავის საგანია ჯაფარიძისთვის, კორძაიასა და ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა. საქმეს განიხილავს პლენუმი, ცხრა მოსამართლის შემადგენლობით და არის პირველი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს. სხდომა ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, მომჩივან პირებს სარჩელის უკან გატანა შეუძლიათ.


