ელისაშვილი - მელიას მიმართავს: "შე დალოცვილო, გიხდიან იმ გირაოს და გამოდი ციხიდან"
22/04/2021 09:24:48 პოლიტიკა
"შე დალოცვილო, გიხდიან იმ გირაოს და გამოდი ციხიდან", – ასე მიმართავს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას.
"იმის მაგივრად, რომ პარლამენტში შევიდეთ ყველა და ხალხზე ვიფიქროთ, კიდევ მიდის ეს რაღაც უაზრო გაჯიუტება. ეს არის მათი მავნებლობის მანიშნებელი და დასტური, მეტი არაფრის. იმის მაგივრად, რომ ამოვისუნთქოთ, ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადავდგათ... "ნაციონალურმა მოძრაობამ" აბა მოიკითხოს ერთი რა გახდა ბენზინის ფასი, აბა შეხედოს ლარის და დოლარის კურსს. ეს კრიზისის ბრალია მათ შორის და იმის ბრალია, რომ ამაზე არ ვლაპარაკობთ. 6 თვეა ვლაპარაკობთ ეს გირაო - ის გირაო, არ გადავიხდი, შევალ - არ შემოვალ... გაუბედურდა ეს ქვეყანა ამასობაში და დღის წესრიგი არის ეხლაც ეს, რომ ამნისტია ესე, ამნისტია ისე... შე დალოცვილო, გიხდიან იმ გირაოს და გამოდი იმ ციხიდან", – აცხადებს ელისაშვილი.
შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს. მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზეც უნდა გავრცელდეს.


