ერთწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდა
22/04/2021 09:55:26 პოლიტიკა
ერთწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაც შარაშენიძე დაბრუნდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩმა უკვე გამართა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან.
"შეხვედრებზე უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე და პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის ფონზე. შეხვედრებზე აღინიშნა საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების აქტიური დინამიკა. საქართველოს ელჩმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ხელისუფლებამ შარაშენიძე უკრაინიდან 2020 წლის 8 მაისს კონსულტაციებისთვის გამოიწვია მას შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
ცნობისთვის: 19 აპრილს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 000–ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს. ამასთან, Reuters აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული კონტინგენტის რაოდენობა 150 000–ს აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ქერჩის სრუტეს ოქტომბრამდე კეტავს.
უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა. თუმცა გაიმართება თუ არა შეხვედრა ჯერ–ჯერობით უცნობია.


