რა საკითხები განიხილეს უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში
23/04/2021 09:00:21 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას განცხადებით, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგასთან რიგი საკითხები, მათ შორის, რუსეთის აგრესია განიხილა.
„საქართველოს და უკრაინას ბევრი თემა აქვთ განსახილველი. ჩვენ ვართ მეგობარი სახელმწიფოები. ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე. მივესალმე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, დააბრუნოს საქართველოს ელჩი კიევში. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. ასევე ვისაუბრეთ საქართველო და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებზე – თუ როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყნების ინტერესების და ეკონომიკის უკეთ დაცვა ევროკავშირთან დიალოგის გზით.
გარდა ამისა, განვიხილეთ სამომავლო გეგმა ერთობლივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისკენ. ორივე ქვეყანას აქვს საკმაოდ სამწუხარო გამოცდილება. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ზალკალიანთან ვისაუბრეთ, რადგან როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე, ჩვენ ფაქტობრივად ვსაუბრობთ იმ გზებზე, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნები რუსეთისგან", – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, მან ქართველ კოლეგას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"საქართველო უკრაინის კარგი მეგობარია და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, დავეყრდნოთ საქართველოს და ანალოგიურად საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს უკრაინის იმედი“, – განაცხადა დიმიტრი კულებამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე:
„ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი, შინაარსიანი შეხვედრა მქონდა უკრაინელ კოლეგასთან და განვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობებთან, არამედ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც შექმნილია რეგიონში უკრაინის გარშემო. ასევე, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი. მოგეხსენებათ, მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი მიმდინარე წელს და აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ სრულ კოორდინაციაში. რა თქმა უნდა, ერთმანეთის სოლიდარულები ვართ ოკუპაციასთან და იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს როგორც უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აუცილებელია და შევთანხმდით ასევე, რომ ჩვენი ეს ერთიანი პოზიცია იყოს კიდევ უფრო გაძლიერებული და უფრო მკაფიოდ წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო ფორმატში. ორმხრივი მზაობა არის, რომ განვავითაროთ ინტენსიური თანამშრომლობა, ვიზიტები იქნება ეს თუ ეკონომიკური ურთიერთობები. ვფიქრობ, ძალიან კარგი პერსპექტივა არსებობს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს“.
ცნობისთვის: 2021 წლის 22-24 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას იღებს რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნება რეგიონალურ უსაფრთხოებასთან და საქართველოს და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამასთან, საქართველოსა და რუმინეთის პირველი დიპლომატები ხელს მოაწერენ 2021-2022 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროების სამოქმედო გეგმას.


