პუტინის რუსეთი მიანმარში ბავშვების მკვლელებს ეხმარება

23-04-2021 13:11:39 ანალიზი

მიანმარის (იგივე ბირმა) მმართველი სამხედრო ხუნტის ლიდერებს შეხვდა და 27 მარტს შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავ აღლუმსაც დაესწრო. ხუნტის ლიდერმა, უფროსმა გენერალმა მინ აუნ ჰლაინმა რუსეთს ბირმის „ჭეშმარიტი მეგობარი“ უწოდა. ფომინმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ მიანმარი რუსეთის ფედერაციის საიმედო და სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიამ კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ ართმევს ხელს ხუნტის ლიდერებს მინისტრის მოადგილე და როგორ ჩუქნიან მას მედალს.

პირველი თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, 27 მარტი მიანმარისთვის ყველაზე სისხლიანი დღე იყო. აღლუმის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხუნტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. უშიშროების ძალებმა 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის, ბავშვები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქში, მანდალაიში 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 5 წლის ბიჭი და 13 წლის გოგო. 13 წლის ბავშვი მოკლეს საგაინგის რეგიონშიც. მიანმარში ევროკავშირის დელეგაციამ 27 მარტს “ტერორისა და სირცხვილის” დღე უწოდა.

12 ქვეყნის, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და ავსტრალიის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სამხედრო ძალების ძალადობა დაგმეს. ევროკავშირმა სამხედრო ხუნტის ლიდერებს სანქციები დაუწესა. ამ დროს კი რუსეთი ბირმასთან სამხედრო ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრობს. ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე გააგზავნა აღლუმზე დასასწრებად. მეტიც, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი მიანმარში პირველი თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში მაღალი რანგის უცხოელი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი იყო.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. სამხედრო ხუნტის ლიდერებმა ნოემბერში გამართული არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს, გამარჯვებული აუნ სან სუ ჩის პარტიის ლიდერი და პრეზიდენტი დააკავეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ. ორგანიზაცია „პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის“ განცხადებით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ 2 600 ადამიანზე მეტი დააკავეს, 400-ზე მეტი კი მოკლეს. ჩინეთმა და რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში მიანმარში სამხედრო გადატრიალების დაგმობა დაბლოკეს. რუსეთმა სამხედრო გადატრიალებას “სუვერენული ქვეყნის წმინდად საშინაო საქმე” უწოდა.

რუსეთი და მიანმარი მრავალი წელია, სამხედრო საკითხებში თანამშრომლობენ. იანვარში, სამხედრო გადატრიალებამდე ერთი კვირით ადრე თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ვიზიტისას, დედაქალაქ ნაიფიიდოში რუსეთი დათანხმდა, ბირმისთვის სარაკეტო სისტემა, დრონები და რადარული აღჭურვილობა მიეწოდებინა. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, 2014-2019 წლებში მიანმარის მიერ შესყიდული იარაღის, სულ მცირე, 16% რუსეთიდან მოდიოდა. კრემლი იარაღს უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობისთვის დასავლური ქვეყნების შავ სიაში მოხვედრილ სამხედროებზე ყიდდა. ახლა კი უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის, ბავშვების მკვლელებს რუსი მაღალჩინოსნები ხელს ართმევენ და „მეგობრობაზე“ ესაუბრებიან.

ლაშა ანჯაფარიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები