„43%–იანი „ჩამკეტის“ ბედი დამოკიდებულია არა ოპოზიციაზე, არამედ გახარიაზე“

23-04-2021 15:57:58 პოლიტიკა ,კომენტარი

ვითარება განიმუხტა, მაგრამ კრიზისი არ დასრულებულა და გაგრძელდება 2024 წლამდე, ვიდრე საპარლამენტო არჩევები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება,– ასე აფასებს „აქცენტთან“ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ყოფილი რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შემდგარ შეთანხმებას, რომელსაც ამ დროისთვის ხელს ენმ, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტები“ არ აწერენ.

მისი შეფასებით, ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა საქართველოში დემოკრატია გადაარჩინეს, ქართველმა პოლიტიკურმა ძალებმა კი გამოსავალი ვერ ნახეს.

„რასაც შარლ მიშელი აკეთებდა, ეს საქართველოს პრეზიდენტს უნდა ეკეთებინა, მან კი კრიზისების მართვაში სრული უუნარობა აჩვენა. ამიტომ ევროპელებს მოუწიათ ჩამოსვლა, პროცესში ამერიკელების ჩართვაც, რათა მკაცრად დაესვათ საკითხი. მოხდა ის, რომ ქართველების გასაკეთებელი საქმე მათ გააკეთეს“.

ზაქარეიშვილის ანალიზით, შეთანხმებით კრიზისი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა, პარლამენტია რა პოლიტიკური დებატების, კრიზისების განმუხტვის ადგილი:

„ამდენად, ველი, რომ პროცესი ცივილიზებულ ფორმებში გაგრძელდება, ხოლო კრიზისის საბოლოო განმუხტვის შანსი იქება 2024 წელს“.

მას კითხვები აქვს ოპოზიციასთან:

„თუ შედიხართ, ყველანი შედით, თუ არა და არც ერთი უნდა შეხვიდეთ“ –ეს იყო ჩემი პოზიცია და ამ კონცეფციით, მომხრე ვარ, რომ შევიდნენ, მაგრამ აქამდე რატომ მიიყვანეს საქმე? დრო დაიკარგა. ამასთან, ნიკა მელია ჯერ კიდევ გარეთ იყო და იმისთვის, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში, ყოფილიყო ვადამდელი არჩევნები, გაამძაფრა ვითარება. პოლიტიკურად ის სწორად მოიქცა (მოგვწონს თუ არა, ეს სხვა საკითხია). როგორც ჩანს, ნიკა მელია საპატიმროდან გამოვა, პარლამენტში ყველა შევა, ვადამდელი არჩევნები კი არ ჩანს. კითხვა მაქვს ოპოზიციასთან – რას მიაღწიეთ? ერთადერთი მიღწევა რურუას გამოშვებაა. კი ბატონო, ეს ძალიან კარგია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, მაგრამ ესაა ერთადერთი დადებითი შემდგარი მოვლენა: ჯერ წინაა სასამართლოს, საარჩევნო რეფორმები, მაგრამ როგორ ჩაატარებს მას „ქართული ოცნება“ თავისი უმრავლესობით, ჯერ კიდევ საკითხავია. ჩვენ გვახსოვს პროპორციული საარჩევნო სისტემის დანაპირების ჩაგდება. დემოკრატია იტანს, დეპუტატებმა თქვან, „მე ამას ხმას არ ვაძლევო“. ამიტომ, ეს მექანიზმი „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, კიდევ არაერთხელ გამოიყენოს და თავი გადაირჩინოს. ისინი ამის გამკეთებლები არიან.

ამ ფონზე ოპოზიციამ ვფიქრობ, დაკარგა ენერგია და რეპუტაცია ხალხის თვალში: მაინც აკეთებენ იმას, რაც უნდა გაეკეთებინათ ნოემბერში, რადგან სხვა არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ პარლამენტში ბრუნდებიან რისკენაც მათ ბევრი (მათ შორის, მეც) მოუწოდებდა. ახლა ხელახლა უნდა დაიწყონ ბრძოლა“.

ზაქარეიშვილის ხედვით, სჯობდა, ოპოზიციას შეთანხმების დოკუმენტში, მათ შორის, თვითმმართველობის რეფორმაც ჩაედო, რასაც მისი აზრით, „ქართული ოცნებაც“ დასთანხმდებოდა:

„ახლა ადგილობრივ არჩევნებზე მივდივართ და ის არ არის რეფორმირებული. ოპოზიციამ ბევრი კომპონენტი გაუშვა ხელიდან ამ "ჭიდაობაში“.

ზაქარეიშვილის დაკვირვებით, შეთანხმებით საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ხოლო 43%–იანი „ჩამკეტის“ ბედი არა ოპოზიციაზე, არამედ ექს–პრემიერ გიორგი გახარიაზეა დამოკიდებული:

„ოცნებას“ არ სურდა ვადამდელი არჩევნები და სურდა, ოპოზიცია ყოფილიყო პარლამენტში – მან ორივე მიიღო. და რა მიიღოო პოზიციამ? 43%–იანი ჩამკეტი, თუ მას „ქართული ოცნება“ ვერ გადალახავს. იმედია, ასე მოხდება, მაგრამ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, 43%–ის ბედი გახარიას ხელშია და არა ოპოზიციის: რამდენ ხმას წაართმევს იგი „ქართულ ოცნებას“ (გახარია პოპულარულია პოლიციაში, უსაფრთხოების სტრუქტურებში, რეგიონებში) და მეორე – სად იქნება კალაძე. კალაძემ უკვე გააკეთა გახარიას წინააღმდეგ მკაცრი განცხადება, რომ მას სხვის გუნდში ყოფნა არ სჭირდება. კალაძე ან კობახიძესთან რჩება ან „ოცნებაში“ „მესამე თავად“ გადის. თუ „სამთავიანი“ იქნება „ქართული ოცნება“, 43%–ს ვერ აიღებს კობახიძის ხელმძღვანელობით. ძალიან საინტერესო პროცესები ხდება და ამ დროს ოპოზიცია უფრო გვერდზეა, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო – უფრო მონოლითური, ორგანიზებული უნდა ყოფილიყო, პრიორიტეტები უფრო მკაფიოდ უნდა გაეწერათ“.

რაც შეეხება კალაძეს, ზაქარეიშვილის დაკვირვებით, იგი ჯერ–ჯერობით „ცალკე თამაშობს“:

„კალაძე ცდილობს არ შეაფასოს ვითარებები კობახიძის სასარგებლოდ, მეორეს მხრივ, ქალაქზე საუბრობს. ვფიქრობ, კალაძეს უნდა აწყობდეს მერად დარჩენა, რადგან დღეს საქართველოში ყველაზე დაცული პოლიტიკური სტრუქტურაა: მერი ხალხის არჩეული ფიგურაა, თბილისს აქვს თბილისი თვითკმარია, რომელსაც თავისი ბიუჯეტი, შემოსავალი აქვს, ჰყავს ხალხი. თუ კალაძე რჩება მერად, ის ხდება „ქართული ოცნების“ რეალური ლიდერი იმ ფონზე, რომ ივანიშვილი არ ჩანს, გახდა რა პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე საკუთარი გადაწყვეტილების მძევალი. სადღაც უეჭველად იქნება, მაგრამ ვინაიდან ხალხის წინაშე ვერ გამოჩნდება და გამოჩნდება მხოლოდ კალაძე, ის იქნება რეალური ლიდერი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები