კალაძე განმარტავს, გეგმავს თუ არა პოლიტიკის დატოვებას
23/04/2021 14:36:50 პოლიტიკა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკიდან მის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთან, მას არ დაუზუსტებია, გეგმავს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას ჯერ არ გეგმავს:
„ამასთან დაკავშირებით გითხარით ჩემი პოზიცია, რომ მოგვიანებით, საზოგადოებისთვის ყველაფერი იქნება ცნობილი. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ვარ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, პარალელურად, ვარ დედაქალაქის მერი, თუმცა მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციებს, თითქოს, პოლიტიკიდან მივდივარ, ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიგონე და ეს უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ პოლიტიკიდან წავიდე. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ვარ, ამ გუნდში ვსაქმიანობ უკვე ბევრი წელია, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და რეფორმა განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მან შიდაპოლიტიკურ პროცესზეც გააკეთა კომენტარი და ანიშნა, რომ ამნისტია 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებსაც შეეხებათ:
„ამნისტია შეეხება ყველას, ეს შეთანხმების დოკუმენტშიც ჩაიწერა. თუმცა, ზოგი პოლიტიკოსისგან ვისმენთ, რომ ისინი მას არ გამოიყენებენ და ამის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეთ. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას. გაუგებარია ის კითხვები, რაც ისმის ამნისტიასთან მიმართებით. თავიდან მოთხოვნა იყო ამნისტიაზე, მიიღწა შეთანხმება, ხელი მოეწერა დოკუმენტს, ამაში ჩართულნი იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები. ახლა გაუგებარია ეს კითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.


