რეზოლუცია 1633 და სამთავრობო პროპაგანდა
26/04/2021 07:35:23 პოლიტიკა
რეზოლუციასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ძალიან ხშირად ვრცელდება. დეზინფორმაციის ძირითადი ნარატივი იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია 1633 ომის დაწყების ინიციატორად საქართველოს ასახელებს. ამ შინაარსის შემცველი არაერთი განცხადება გავრცელებულა. ძირითადად, ამ განცხადებას სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აკეთებენ და მიზნად ისახავენ პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციას. განცხადებების შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ, თითქოს ხელს აწერენ დოკუმენტს, რომლითაც საქართველო ომის დაწყებას „აღიარებს.
სინამდვილეში დოკუმენტი ამ საკითხზე ცალსახა პასუხს იძლევა. წინამდებარე სტატიაში ჩვენ გიამბობთ, თუ რა წერია რეზოლუცია 1633-ში.
რეზოლუცია 1633 ომის დამწყებ მხარეს არ ასახელებს. რეზოლუციის მერვე პუნქტში წერია: „ასამბლეას სწამს, რომ შერიგების წინაპირობა არის სიმართლე. ვინაიდან ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ომი, ვერ თანხმდება ვერცერთი მხარის მხრიდან, ეს ფაქტები უნდა დადგინდეს ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ამგვარი საერთაშორისო გამოძიების წარმოებას და პარლამენტის რუსი წევრებიც აცხადებენ, რომ არ იქნებიან ამგვარი შეთავაზების წინააღმდეგნი. გამოძიება არ უნდა შემოიფარგლოს ომის დაწყების მომენტით და უნდა ფოკუსირდეს ასევე იმ წლებზე, რომლებმაც კონფლიქტამდე მიგვიყვანა“.
მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც დეზინფორმაცია ვრცელდება, ომის აქტიური და ღია ფაზის შესახებაა და მისი არასწორი ინტერპრეტირება ხდება. სინამდვილეში, რეზოლუციაში არსადაა ნახსენები, რომ ომის ინიციატორი იყო რომელიმე მხარე.
რეზოლუცია 1633 ომის დაწყების აღმნიშვნელ ტერმინად იყენებს სიტყვებს „outbreak of war”, ხოლო მეხუთე პუნქტში, რომელსაც სამთავრობო პროპაგანდა ეყრდნობა, მხოლოდ ესკალაციის ახალ ეტაპზეა საუბარი. შესაბამისად, რეზოლუცია 1633-ით ასამბლეის მიზანი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება რომ ყოფილიყო, ის მეხუთე პუნქტშიც ამ ტერმინს გამოიყენებდა და არა ესკალაციის ახალ ეტაპს. მეტიც, რთული წარმოსადგენია, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს რეზოლუციის მეხუთე პუნქტის ამგვარი ინტერპრეტირება, ვინაიდან ეს მართლაც რუსულ ნარატივს წარმოადგენს. გაუგებარია, რატომ ცდილობს ხელისუფლება რეზოლუციის იმგვარ ინტერპრეტირებას, როგორი ინტერპრეტირებაც არც სწორია და თანაც - ქართული მხარისთვის წამგებიანია.
რეზოლუციას ომის დაწყების პასუხისმგებლობას არ აკისრებს არცერთ მხარეს და, რეზოლუციის მერვე პუნქტის თანახმად, ეს შემდგომმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
ომის და მისი წინამდებარე მოვლენების აღწერას რეზოლუცია მეოთხე პუნქტიდან იწყებს. აქ წერია, რომ ომის დასაწყისი 7 აგვისტოს, 2008 წელს, იყო მოულოდნელი ფაქტი. მიმოხილულია მოვლენები, რაც ომის დაწყებას წინ უძღოდა. მეოთხე პუნქტში წერია: [ომი] იყო შედეგი სიტუაციის სერიოზული ესკალაციისა, პროვოკაციებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებისა, რაც გაცილებით ადრე დაიწყო. არ იქნა გადადგმული ნაბიჯები სიტუაციის განსამუხტად, პრობლემის სამხედრო მოგვარება ორივე მხარისთვის გამოსავლად გადაიქცა. ეს მიუღებელია ასამბლეისთვის. ვფიქრობთ, რომ მშვიდობისმყოფელებმა ვერ შეასრულეს საკუთარი ფუნქცია და ვერ უზრუნველჰყვეს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისა და მათი საკუთრების უსაფრთხოება. შესაბამისად, ვწუხვართ, რომ ომამდელი მოწოდებები სამშვიდობო პროცესებისა და კონფლიქტის მოგვარების შესახებ უარყოფილ იქნა რუსული და სამხრეთ ოსური მხარის მიერ. ამგვარად, მეოთხე პუნქტში სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ცალსახად რუსეთს ეკისრება და არა ქართულ მხარეს.
მეხუთე პუნქტში წერია, რომ 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვამ ქართული მხარის მიერ კონფლიქტი ახალ - ღია და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების ეტაპზე გადაიყვანა. აქვე საქართველოს მიერ გამოყენებული ძალა შეფასებულია როგორც დისპროპორციული და საფრთხის შემცველი მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის. ამ პუნქტში საუბარია კონფლიქტის ახალ ეტაპზე გადასვლაზე და არა ომის დაწყებაზე.
ანალოგიური ტერმინი/ბრალდება - დისპროპორციული ძალის გამოყენება უკვე რუსეთის მიმართაცაა გაჟღერებული. მეექვსე პუნქტში საუბარია რუსეთის მხრიდან წარმოებულ სამხედრო მოქმედებებზე, რომლებიც ასევე არ შეესაბამებოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს და არღვევდა ევროსაბჭოს პრინციპებსაც, რომლის წევრი სახელმწიფოც რუსეთიცაა. ამავე პუნქტში გამოყენებულია ტერმინი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საუბარია რუსული მხარის მიერ საქართველოს სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ. დოკუმენტში წერია, რომ ეს არის „ან პირდაპირი შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე და, შესაბამისად, ევროსაბჭოს პრინციპების დარღვევა, ან რუსეთის მცდელობა გაზარდოს მისი გავლენა საზღვრებს მიღმა“.
რეზოლუციის მერვე პუნქტია სწორედ ის პუნქტი, რომელიც ეხება ომის დაწყების საკითხს. აქ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუბარია იმაზე, რომ ომის დაწყებისა და წინაპირობების საკითხი უნდა შეისწავლოს დამოუკიდებელმა საერთაშორისო გამოძიებამ. შესაბამისად, როგორი ინტერპრეტირებადიც არ უნდა იყოს რეზოლუციის სხვა პუნქტები, მათი ინტერპრეტირება აზრს მოკლებულია, ვინაიდან ამავე რეზოლუციაში პირდაპირაა ხაზგასმული, რომ არცერთი მხარე არ აღიარებს ომის დაწყებას. ამგვარად ბრალდება ვინმეს მისამართით, რომ მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელშიც საქართველო ომის დაწყებას აღიარებს, აბსურდული და ყალბია.
დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის საკითხიც. რეზოლუცია 1633-ში ევროსაბჭო მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს ეს აღიარება და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც, ამავე დოკუმენტის მიხედვით, ევროსაბჭო კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას. მეტიც, მომდევნო პუნქტში გაკრიტიკებულია რუსეთის მხრიდან დეფაქტო რესპუბლიკებთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებები. რეზოლუციის მიხედვით, ეს ხელს უშლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას.
კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც რუსეთის მიმართაა გაჟღერებული, ესაა ჰააგის 1907 კონვენციის დარღვევა - მოროდიორობა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე. მეტიც, საუბარია სარწმუნო ანგარიშებზე, რომლის მიხედვითაც მოხდა ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა, რომლის აღკვეთაც რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს. საუბარია, რომ ამგვარი ფაქტები ძირითადად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ მოხდა.
რეზოლუციის ბოლოს ასამბლეა მოუწოდებს თავის წევრებს, არ აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხოლო რუსეთს - აღიარება უკან წაიღოს.
ამგვარად, ყოველგვარი ინტერპრეტირების გარეშე, რეზოლუცია 1633 არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც არათუ პასუხისმგებლობას აკისრებს ქართულ მხარეს ომის დაწყების შესახებ, არამედ ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელშიც დაგმობილია ოკუპირებული ტერიტორიებს აღიარება, მოხსენიებულია რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები, როგორც ოკუპაცია და საუბარია რუსეთის მხრიდან ეთნიკური წმენდის ვერ შეჩერებაზე იმ ტერიტორიებზე, რომელთა ეფექტურ კონტროლსაც რუსული ჯარი ახორციელებდა. ამრიგად, გაურკვეველია, რატომ შეიძლება შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების ან ქართული მედიის ინტერესში ამგვარი დოკუმენტის დისკრედიტირება.
აღსანიშნავია, რომ ასამბლეაში რუსეთის დელეგაცია 15 წევრისგან შედგება. აღნიშნულ დოკუმენტს რუსული მხარე არ ეთანხმებოდა და, როგორც მოლაპარაკებებზე დამსწრე ადამიანები ყვებიან, დოკუმენტზე მუშაობისას ე.წ. walk out (პროტესტის ნიშნად შეხვედრის დატოვება) გააკეთეს. საბოლოოდ, კენჭისყრაზე 15 წევრიდან 14-მა რეზოლუცია 1633-ის წინააღმდეგ მისცა ხმა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი დოკუმენტით უკმაყოფილო იყო.
ავტორი: მალხაზ რეხვიაშვილი
ფაქტ-მეტრის მთავარი რედაქტორი


