საფრთხე, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი დოკუმენტი ვერ ხედავს

26-04-2021 18:54:34 ანალიზი

მართალია, „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტები – საინფორმაციო ომი, ე.წ. რბილი ძალა, ფარულ ოპერაციები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არსებითი გამოწვევის ჭრილშია დანახული, თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მთავარ პრობლემად არა მხოლოდ რისკების დანახვა და ანალიზი, ადეკვატური რეაგირება, კოორდინირებული მოქმედება რჩება, არ არის რა ეს მხოლოდ ერთი უწყების, საკითხით დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფების თუ პლატფორმების პასუხისმგებლობა. თავად სურათსა და საფრთხეზე კი, რაზეც სპეციალისტებიც ინტენსიურად მიუთითებენ, უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშიც იძლევა წარმოდგენას და ირკვევა, რომ ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც გასული წელი ყოფილა:

„2020 წელს უსაფრთხოების გარემოზე არსებითად უარყოფით გავლენას ახდენდა უცხო ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული „ჰიბრიდული საფრთხეები“ და აღნიშნულ პროცესში დეზინფორმაციის, ე.წ. რბილი ძალის და ფარული ოპერაციების გამოყენება“,– ვკითხულობთ ანგარიშში.

  • საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია,
  • საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და პესიმისტური განწყობების გაღვივება,
  • ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებების შექმნა

– ამგვარად ხედავს საქართველოში „ჰიბრიდული ომის“ ცალკეული ინსტრუმენტების გამოყენების მიზნებს სუს–ი.

გარდა პანდემიის კონტექსტში მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანიისა, გასულ წელს ასევე გამოიკვეთა აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკის მომძლავრება. ამ კონტექსტში გამოიყენებოდა ყარაბაღის მეორე ომის თემა და ასევე ვრცელდებოდა „ფეიკნიუსები“ კონფლიქტთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის მიერ საკუთარი ნეიტრალური პოზიციის გადახედვის თაობაზე.

„დადგინდა, რომ აღნიშნული აქტორები მოქმედებდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში, საიდანაც აქტიურად ხორციელდებოდა საქართველოს მოსახლეობაში მეზობელი ქვეყნების იმიჯის დისკრედიტაცია“,– აღნიშნავს სუს–ი.

დეზინფორმაციის მიზნებისთვის გამოიყენება მედიარესურსები, ინტერნეტ და კიბერსივრცე და როგორც სუს–ი აღნიშნავს, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ე.წ. „საინფორმაციო ომის“ მიმართულებით, მზარდ ტენდენციად დაფიქსირდა იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული კამპანიების წარმოებისას ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათ შორის, სხვადასხვა ონლაინაპლიკაციის გამოყენება და ეფექტიანობის გასაზრდელად, მოსახლეობაში მათი ფართო პოპულარიზაცია.

მართალია, უსაფრთხოების სამსახური გვარწმუნებს, „ჰიბრიდული საფრთხის“, როგორც რთულად პროგნოზირებადი და მრავალმხრივი საფრთხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეროვნულ დონეზე აქტიური უწყებათაშორისი კოორდინაცია და აღნიშნული საფრთხეების სხვადასხვა გამოხატულების მუდმივი შესწავლა-ანალიზი მიმდინარეობდაო, მაგრამ იქვე აღნიშნავს, სტრატეგიის განვითარების საჭიროებას, რაზეც სპეციალისტები წლებია, მიუთითებენ:

„დეზინფორმაციასთან, როგორც „ჰიბრიდულ საფრთხესთან“ ბრძოლის კონტექსტში, საქართველოსთვის, ისევე როგორც დასავლეთის წამყვანი დემოკრატიებისთვის, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს მჭიდრო რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე შესაბამისი სტრატეგიების განვითარება“.

საყურადღებოა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფოკუსში მოქცეული საფრთხე არახალია, მათ შორის, საქართველოსთვის, იმ განსხვავებით, რომ ახალი ტექნოლოგიების, კონტექსტის გათვალისწინებით იხვეწება ინსტრუმენტები, იცვლება ნარატივები (თუმცა არა მოკლე თუ გრძელვადიანი მიზნები), მაგრამ რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, იგი უცხოა საქართველოს უსაფრთხოების მთავარი დოკუმენტისთვის, რომელიც უკვე 10 წელს ითვლის და კრიტიკული მნიშვნელობის მიუხედავად, უსაფრთხოების კონცეფციის განახლება დღის წესრიგში ვერა და ვერ დადგა. და მაინც, რატომ არ/ვერ ასახავს დანახულ საფრთხეს ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტი და რატომ უნდა ხედავდეს მას?

„ჰიბრიდულ ომზე აქტიურად საუბარი 2014 წლიდან, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ იწყება, როდესაც კრემლმა ინფორმაციის, კიბერ და ზოგადად, საკომუნიკაციო, ასევე, სამხედრო შესაძლებლობების მიქსი მისთვის ეფექტურად გამოიყენა. ამ პერიოდიდან დასავლეთის სახელმწიფო უწყებებმა და აკადემიურმა წრეებმაც აქტიურად დაიწყეს აღნიშნული მიმართულების კვლევა და საპირწონე პასუხებზე ფიქრიც. გაძლიერდა საუბრები დეზინფორმაციის და რუსული პროპაგანდის ეფექტიანად მოგერიების აუცილებლობაზე. ასევე, დაიწყო საუბრები სტრატეგიული კომუნიკაციების, როგორც ახალი საინფორმაციო დისციპლინის ჩამოყალიბება-გაძლიერების მნიშვნელობაზე“,– ამბობს „აქცენტთან“ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს დამფუძნებელი გიორგი მოლოდინი.

მოლოდინი „ჰიბრიდული ომის“ არსიდან გამომდინარე, მის წინააღმდეგ სტრატეგიული, კოორდინირებული ბრძოლის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ჰიბრიდული ომი“ თავისი შინაარსით სამხედრო და მონათესავე დარგის სპეციალისტებისთვის განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენს. თუ ძალიან გავამარტივებთ, შეგვიძლია ვთქვათ რომ „ჰიბრიდული ომი“ ეს არის განსაკუთრებული აქცენტი ინფორმაციისა და კიბერ-შესაძლებლობების გამოყენებაზე, სხვადასხვა ფორმის პოლიტიკურ ძირგამომთხრელ ღონისძიებებთან ერთად. მთავარი ამოცანა ადამიანების გულისა და გონების ოკუპაციაა, ანუ მათი ქცევის წესის შეცვლა, სადაც „ობიექტი“ დარწმუნებულია, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით საკუთარი მიზნების მიღწევას შეუწყო ხელი, სინამდვილეში კი, მოწინააღმდეგის მხარდამჭერი ღონისძიებები გაატარა.

ქართულ რეალობაში ჰიბრიდულ ომებზე ჩანაწერებს ვხვდებით სხვადასხვა უწყებრივ დოკუმენტებში, თუმცა არ მახსენდება ეროვნული დონის დოკუმენტი, სადაც განსაკუთრებული, ერთიანი, უწყებათშორისი დონის მიდგომებზეა საუბარი, სახელმწიფოს მხრიდან ჰიბრიდული ომის მოგერიებისთვის. ერთი რამ, რაც ჩვენი და საერთაშორისო გამოცდილებიდან უნდა გვესწავლა არის ის, რომ ჰიბრიდულ ომთან დაპირისპირება რომელიმე ერთი უწყების ექსკლუზიური პასუხისმგებლობა ვერ იქნება. ის იმ დაავადებას ჰგავს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ყველა ორგანოს ერთდროულად აზიანებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები