"მელია უნდა გაუთანაბრდეს იმ ადამიანებს, ვინც 20 ივნისის აქციებს არბევდა?! დიდი შეცდომა იყო ამ დოკუმენტის ხელმოწერა ასე ნაჩქარევად"
26/04/2021 15:21:28 პოლიტიკა
"ნიკა მელიას არაერთხელ გამოვუცხადე სოლიდარობა და აღვნიშნე, რომ ძალიან სწორი გზავნილები აქვს ციხიდან", - ასე ეხმიანება "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას.
"ამჯერადაც აბსოლუტურად სწორია ის გზავნილი, რაც მან გამოგზავნა იმიტომ, რომ მოდით პირდაპირ ვთქვათ, დიდი შეცდომა იყო ამ დოკუმენტის ხელმოწერა ასე ნაჩქარევად. ჩვენ შეგვეძლო, როგორც ეს დანიელსონთან იყო, ოპოზიციას მეორედ დაეკავებინა პრინციპული პოზიცია და უკვე ნამდვილად მივიღებდით იმას, რაც ჩვენ გვინდა. რას ნიშნავს ამნისტია?! ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან როგორც დამნაშავე?! ამნისტიით უშვებენ დამნაშავეებს, ამნისტიით არ ათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს და არ აღიარებს სახელმწიფო, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა. ნიკა მელია უნდა გაუთანაბრდეს იმ ადამიანებს, ვინც 20 ივნისის აქციებს არბევდა?! ამნისტია სჭირდება ხელისუფლებას. რა თავხედურად ლაპარაკობენ ნახეთ, რომ მომავალში ვისაც წაუყენებენ ბრალდებას იმათაც კი აღარ უნდა შეეხოთ არაფერიო. ანუ თავის საქმეს იკეთებენ და ოპოზიციამ რას მოაწერა ხელი მაინტერესებს, რომ ნიკა მელია გაიგივებოდა იქაურ პოლიციელებს, რომლებმაც ადამიანებს თვალები დასთხარეს?!", – განაცხადა ბურჯანაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა. ის ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" მიმართავს, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.


