"ადამიანების დასახიჩრებაზე პასუხისმგებელ პირებს ეს ამნისტია ვერ დაიცავს. ეს არის "ოცნების" პოზიციაც"
26/04/2021 17:56:40 პოლიტიკა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაცია ხვალ გაგრძელდება.
მისივე თქმით, მხარეებს შორის მოხდა პოზიციების დაახლოება და ისინი შეთანხმდნენ, რომ ამნისტია არ შეეხება იმ პირებს, ვისი პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე:
"არის საკითხები, სადაც პოზიციები დავაახლოვეთ. სრული კონსენსუსია იმ საკითხზე, რომ ეს ამნისტია ვერ დაიცავს ვერავის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე და შესაბამისად ვერ დაიცავს იმ ადამიანებს, ვინც ამის ბრძანება გასცა. მინდა, ვთქვა გასაგებად, რომ ის ადამიანები ვინც არიან დასახიჩრებული, მათ დასახიჩრებაზე პასუხისმგებელ ადამიანებს ეს ამნისტია ვერ დაიცავს. ეს არის "ქართული ოცნების" პოზიციაც... ხვალ იწყება შეთანხმების შესრულება. ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში და გიორგი რურუას შეწყალების სახით გადაიდგმება პირველი ნაბიჯი შეთანხმების შესრულებისთვის. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ამაზე ხვალ კიდევ ერთხელ გაგრძელდება კონსულტაციები".


