«გვიჯობს, საქართველოს შემადგენლობაში შევიდეთ, ვიდრე რუსეთის: ქართველები აფხაზური ეთნოსის გადაშენებას არ დაუშვებენ"

27-04-2021 10:29:11 კონფლიქტები

«უნამუსოები! ვინც მტერთან მშვიდობაზე ფიქრში ჩვენი დაღუპული მამებისა და ძმების საფლავებს სდებს ფეხს, აფხაზი ხალხის მტერია!!!». «ვინც თვლის, რომ შესაძლებელია დიალოგი მათთან, ვინც ერი გაგვინადგურა, ის ხალხის მტერია და აფხაზეთიდან უნდა გავაძევოთ!». «სინდისგარეცხილები!!!»… სოცქსელების აფხაზური სეგმენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში აჭრელებული იყო მსგავსი გამონათქვამებით. მიზეზად ამჯერად ერთბაშად ორი აფხაზი ახალგაზრდა იქცა, რომელმაც საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი აზრი სამშობლოზე, ომზე და თანამედროვე აფხაზურ სახელმწიფოში ცხოვრებაზე. მათი მთავარი გზავნილი ასეთი იყო: ქართველებისადმი სიძულვილში ცხოვრების გაგრძელება დაუშვებელია, აუცილებელია დიალოგის ჩამოყალიბება და ნორმალური, ადამიანური ურთიერთობების დაწყება.

ქსელში ვიდეოს გავრცელების შემდეგ გოგონები სამართალდამცველ უწყებებში დაიბარეს და მკაცრად გაესაუბრნენ. აფხაზური საზოგადოების ნაწილმა კი ისინი მყისიერად გამოაცხადა მოღალატეებად და რესპუბლიკის დატოვება ურჩია.

მსგავს დევნას აფხაზეთში საკმაოდ ხშირად ექვემდებარებიან ისინი, ვინც საზოგადოებაში მიღებულ აზრს სცდება და ბედავს საკუთარი - განსხვავებული აზრის საჯაროდ გამოთქმას როგორც აფხაზეთის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. და მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე წელია, ახალგაზრდობა სულ უფრო ხშირად საუბრობს საქართველოსთან მშვიდობაზე, ნაკლებად კითხულობს პროპაგანდისტულ მასალებს და სულ უფრო მეტად სურს, იცხოვროს სხვაგვარად, თანაც არა სადმე, არამედ მშობლიურ აფხაზეთში. ცვლილებები არა და არ იწყება, ომის შემდეგ გასული 28 წლის მიუხედავად, ახალგაზრდებს კი, ბუნებრივია, სურთ, იცხოვრონ ღირსეულად და საინტერესოდ აქ და ახლა. აქვთ თუ არა მათ ამის უფლება, თუ მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად, უნდა ისხდნენ და მორჩილად ეგუონ ბედს, რომელსაც მათ ნაცვლად ვიღაც სხვა უსაზღვრავს აფხაზეთის ფარგლებს გარედან?

«ომის შემდეგ თითქმის 30 წელია გასული. მიმოიხედეთ ირგვლივ, რა შეიცვალა? - იგივენაირადაა ყველაფერი დანგრეული და გაპარტახებული. პირადად მე ცხოვრების ასე გაგრძელება არ მსურს!», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე სარია. ახალგაზრდა ქალი გვიმხელს, რომ სულ უფრო ხშირად ფიქრობს აფხაზეთიდან წასვლას, რადგან აღარც ვითარების შეცვლის იმედი აქვს, არც განვითარების რაიმე პერსპექტივას ხედავს.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი - ასლანი ამბობს, რომ აფხაზ ახალგაზრდობას აიძულებენ, ფაქტობრივად, ასკეტურად იცხოვროს, რათა, ღმერთმა არ ქნას, არ იხილოს რაიმე უკეთესი, კეთილი და არ გაუჩნდეს სხვაგვარად ცხოვრების სურვილი. «თითქოს ჩაკეტილ წრეში ვართ. არჩევანი არ გვაქვს. განათლების აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მისაღებად საჭიროა ფული, თან დიდი. მსოფლიოს სანახავად ან თუნდაც რუსეთში გასასვლელად კვლავ ფულია საჭირო და ისევ დიდი. ამასთან, სამსახური არაა, დახმარებას არსაიდან ველით. და ამას ვეძახით არჩევანის უფლებას? რას ამბობთ! ახალგაზრდობა იძულებით ეგუება ასეთ საბრალობელ ყოფას, რადგან სხვა არაფრის უფლებას გვაძლევენ», - ამბობს ახალგაზრდა.

გამარჯვებული აფხაზი ხალხი მეტად უცნაურ პირობებში ცხოვრობს - ახალგაზრდობას არც პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებზე აქვს წვდომა, არც სხვა - ნორმალურ ახალგაზრდულ გარემოსთან შეხების შესაძლებლობა. და რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ხშირად ბედავს ახალგაზრდა თაობა ამაზე წუხილის საჯაროდ დაფიქსირებას. თუმცა ჯერ-ჯერობით უმრავლესობა ამას მაინც მალულად აკეთებს, მხოლოდ ერთეულები ბედავენ ხმამაღლა თქმას - და მაშინვე იქცევიან დევნის ობიექტად.

«ცუდი რა არის იმაში, რომ ახალგაზრდობა უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობს? ჩვენ რა, ამის გამო ნაკლებად გვიყვარს სამშობლო, ჩვენი ოჯახები? რატომ არ სურს ჩვენს ხალხს, გაიგოს, რომ ახალგაზრდობას არ უნდა, ნარკომანიას ემსხვერპლოს, ან უიმედობაში დაბერდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ განგვისაზღვრა ასეთი ბედი?! ეს ჩვენი უფლებაა და გვსურს, ვიხილოთ მსოფლიო, გავიცნოთ თანატოლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი ცხოვრებაა და უფლება გვაქვს, ის ისე ვაშენოთ, როგორც თავად წარმოგვიდგენია», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე საიდი.

განსხვავებული აზრის, შექმნილი ვითარებისა და მიმდინარე მოვლენების საკუთარი ხედვის ქონის გამო ახალგაზრდა თაობის ძაგებისას აფხაზურ საზოგადოებას ავიწყდება, რომ ახალგაზრდობას უნდა გააჩნდეს ხმის უფლება იმ პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში, რომელსაც აფხაზეთის მომავლისთვის გრძელვადიანი შედეგები ექნება. აიძულებს რა ახალგაზრდობას, დადუმდეს, სწევს რა მას უკანა პლანზე, აფხაზური საზოგადოება ფაქტობრივად აღიარებს, რომ იმედი გადაეწურა და არჩევანის უფლება უკვე არა აფხაზეთის მოქალაქეებისა და ხელმძღვანელობის ხელშია, არამედ კრემლის თეთრ კედლებში მსხდომი კურატორების.

«ომმა ჩემს ოჯახს დიდი უბედურება მოუტანა. იმ პერიოდს მშვიდად დღემდე ვერ ვიხსენებ. მაგრამ ყველაფერი ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მაფიქრებინებს, რომ სჯობდა, მაშინ სრულად გავეწყვიტეთ, ვიდრე სამი ათწლეულის შემდეგაც როგორც ერს, განადგურების საფრთხე გვედგას. ვინმეს სჯერა, რომ რუსები აფხაზურ ენას შეგვინარჩუნებენ, აფხაზურ სკოლებს, ჩვენს ძეგლებს არ დაგვინგრევენ? მიმოიხედეთ - თითქმის მთელი კავკასია რუსული წნეხის ქვეშაა და ჩვენ რითი ვართ ჩვენს ჩრდილოეთკავკასიელ ძმებზე ძლიერები?! ჩემს სამშობლოსა და ხალხს განადგურება ელის, თუ რუსები სრულად ჩაგვიგდებენ ხელში, ყველაფერი კი, როგორც ჩანს, აქეთ მიდის. არ მინდა, მოვესწრო იმ დღეს, როცა ჩემი აფხაზეთი რუსეთის ტერიტორიად იქცევა», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი ალისა. ახალგაზრდა ქალი იმედს არ კარგავს, რომ გამოსავალი მოიძებნება და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის ისტორია აღარ განმეორდება. «ისევ ის სჯობს, საქართველოს შემადგენლობაში შევიდეთ, ვიდრე რუსეთის. ქართველები ჩვენს უძველეს ენას მაინც არ დაგვიკარგავენ და ჩვენს ეთნოსს გადაშენებისგან დაიცავენ. რუსეთი კი მხოლოდ დაგვამცირებს, მოსპობს ჩვენს ტრადიციებს, ადათ-წესებს და საკუთარ სამშობლოში კვლავ განკვეთილებად გვაქცევს», - დარწმუნებულია ალისა.

ამბობენ, ისტორიას განმეორება ახასიათებს. რუსეთ-კავკასიის ომი 150 წლის წინ დასრულდა. მის შედეგად კავკასიიდან თითქმის სრულად განიდევნენ ძირძველი ხალხები, რომლებსაც «ვერც ჩინგიზ ყაენი, ვერც თამერლანი, ვერც სულეიმანი მოერია», აფხაზეთში კი ველიკოდერჟავული შოვინიზმის პოლიტიკა 1993 წლის 30 სექტემბრამდე - ქართველ აგრესორთან აფხაზი ხალხის ომის დასრულებამდე გრძელდებოდა. ეს სიტყვები ჩემი არაა. ასე თვლის ისტორიკოსი-კავკასიათმცოდნე რუსლან გოჟბა. მთელი ეს 1,5 საუკუნე ჩვენ რუსების წნეხის ქვეშ ვიმყოფებოდით, რომლებმაც მთელი ხალხების პირისაგან მიწისა აღგვით შეძლეს თავისი ოცნების - კავკასიის დამონების განხორციელება. მერე მოხდა ომი - და აფხაზეთი ყველა ჯაჭვისგან გათავისუფლდა, თუმცა არ დაბრძენებულა და კვლავ გაება იმავე დიდი მეზობლის მახეში, რომელსაც ამჯერად განსხვავებული, თუმცა არანაკლებ ნაპოლეონისეული ზრახვები ამოძრავებდა. მოკლე დროში საწადელის მისაღწევად რუსეთმა დაიწყო მოქმედება პრინციპით "დაყავი და იბატონე". აამოქმედა რა თავისი პროპაგანდა, მან ჯერ ვეტერანების ტვინებში შეაღწია, შემდეგ - პოლიტიკოსების, მეცნიერების და პენსიონერებისაც კი. ჯერი ახალგაზრდობაზე მიდგა.

«პირადად მე რუსეთის არ მჯერა. როგორ შეიძლება, დაუჯერო მას, ვისაც სურს, წაგართვას ყველაზე ძვირფასი – სამშობლო, მამული, ენა?! ჩვენ მათთვის არარაობანი ვართ, ანგარიშსაც კი არ გვიწევენ. მაგრამ არც მე, არც ჩემი მეგობრები ვაპირებთ, რუსეთს ასე ადვილად ჩავბარდებით. დიახ, მასთან ომი - ეს ვარიანტი არაა, ასე, რომ გვიჯობს მშვიდობა ქართველებთან, ვიდრე პირისაგან მიწისა აღგვა. ასე იმის შანსი მაინც მოგვეცემა, რომ გადავრჩეთ, როგორც ერი. მით უფრო, რომ თავად საქართველო, რეალურად, არაა განწყობილი, გვეომოს, ხოლო ვინც საწინააღმდეგოს გვაჯერებს, ისევ იმ რუსული პროპაგანდის მსახურია, რომლითაც მრავალი წელია, ჩვენს "დამუშავებას" ცდილობენ», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი დემური. ახალგაზრდა იმედს არ კარგავს, რომ აფხაზეთი კიდევ არაერთი საუკუნის განმავლობაში იარსებებს - და არა როგორც რუსული უკანა ეზო ან აპენდიქსი, არამედ როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი თავისი პოლიტიკური ინსტიტუტებით.

აფხაზი ახალგაზრდობა, უფროსი თაობისგან განსხვავებით, ეძებს განვითარების, დიალოგისა და თანამშრომლობის გზებს ყველასთან, ვისთვისაც აფხაზეთი საინტერესოა. და ამის გამო მათი ძაგება, მით უფრო "მოღალატეებად" შერაცხვა არასწორია. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ სწორედ მათ ხელშია არა მარტო ჩემი და თქვენი, არამედ აფხაზეთის მომავალი, რომელიც შექმნილ ვითარებაში ძალზე ბუნდოვანია.

კრისტინა ავიძბა

_________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

_________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები