ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა პროტესტის ფონზე უწევთ
27/04/2021 07:07:41 პოლიტიკა
პარლამენტში დეპუტატები იკრიბებიან. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად უნდა მივიდნენ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. გაიმართება პლენარული სხდომაც. როგორც ცნობილია, სახელისუფლებო გუნდი ამნისტიის კანონპროექტის ინიციარებას სწორედ დღეს მოახდენს.
„ზუსტად ვიცი, ყველა შემოვა, ოღონდ ახლა „ნაციონალები“ არიან გაჭედილები და რა ქნან არ იციან. ასე ქნან, ზიანდებიან, ისე ქნან, ზიანდებიან და არიან ახლა წვალებაში. რეალურად, ამდენ ხანს უნდა მიეღო ყველას გადაწყვეტილება. ჩვენი ლანძღვით კი არ უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულები. თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში. კაია, შემოვიდნენ მაგრამ მაგის მიუხედავად, წყენებით ლაპარაკს არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით. პარლამენტმა სრულფასოვნად უნდა დაიწყოს მუშაობა და ხალხზე ვიფიქროთ“,– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მათ შორის არიან 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებული მოქალაქეები. მათთვის ამნისტიის კანონპროექტია მიუღებელი.
პარლამენტში შესვლამდე ვახო მეგრელიშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. დემონსტრანტებმა „გირჩის“ ერთ–ერთ ლიდერს „ჯანმრთელი მონა“ უწოდეს, საპასუხოდ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „ეს საბოტაჟია“.
პარლამენტში პროტესტის ფონზე მოუწია შესვლა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, „ლელოს“ დამფუძნებელ ბადრი ჯაფარიძეს.
მან მიმართა აქციის მონაწილეებს, რომ ხელი არაფერს მოეწერება, რაც დაზარალებულთა ინტერესებს შელახავს.
„დღეს ვიწყებთ ევროკავშირის შეთანხმების აღსრულებას. დავრეგისტრირდებით, რის შემდეგაც გათავისუფლდება გიორგი რურუა. ამის შემდეგ (დღეს ან ხვალ) ვაპირებ, მივიდე ნიკასთან საპატინროში და ვესაუბრო ჩემს გეგმებზე, რადგან ჩემი დიდი სურვილია, აღდგომის დღესასწაულს ნიკა მელიაც საკუთარ ოჯახთან შეხვდეს. ამის შემდეგ ენმ მიიღებს თავის გადაწყვეტილებას და მინდა, გამოვთქვა ჩემი იმედი, პარლამენტში ენმ–ის დეპუტაცია სრულად იყოს წარმოდგენილი, რათა ერთად ვიმუშავოთ შეთანხმების იმპლემენტაციაზე, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,– განაცხადა პარლამენტში სალომე სამადაშვილმა.


