ჯაფარიძე პარლამენტიდან კვლავ გასვლას არ გამორიცხავს
27/04/2021 07:33:49 პოლიტიკა
„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტიდან კვლავ გასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან პარლამენტში განუცხადა ჟურნალისტებს.
„თუ „ოცნება“ გავა შეთანხმებიდან, დაარღვევს შეთანხმების პირობებს, მათ შორის ამნისტიაზე – თუ ეცდება, წაიკითხოს ისე, როგორც ახლა კითხულობენ, ცხადია, შეიძლება [პარლამენტიდან კვლავ გასვლა]... გირაო იყო ზეპირი შეთანხმება და ეს ყველამ ვიცით.
მათ შორის, თალაკვაძის გადადგომა და კუჭავას წამოწევა წინა პლანზე შესაძლოა, გულისხმობდეს იმას, რომ ისინი აპირებენ შეთანხმების იმგვარ ინტერპრეტაციას, როგორც სინამდვილეში შეთანხმებული არ ყოფილა. თუ ეს ასე იქნება, ნიშნავს, რომ „ოცნება“ შეთანხმებიდან გავა“,– განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, დღეს მხოლოდ ის იცვლება, რომ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს:
„რეგისტრაციას რომ გავივლი, ციხიდან გამოუშვებენ ერთ ადამიანს, რომელიც პოლიტიკური პატიმარია. დღეს მეტი არაფერი იცვლება. ნიკა მელიასთან მიმართებაში კი ან დაიდება კანონპროექტი, რომელიც ორივე მხრიდან იქნება მხარდაჭერილი, ან არ ვიცი, რა იქნება. ამ წუთის მდგომარეობით, ერთიან დოკუმენტზე შეჯერება ვერ ხერხდება“.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს ოპოზიციონერი დეპუტატების ის ნაწილი მივიდა, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა პროტესტის ფონზე მოუწიათ.


