"ფაიზერის" დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიღებთ"
27/04/2021 11:55:52 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო "ფაიზერის" დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს. ამ თემაზე ღარიბაშვილი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა.
"სატელეფონო საუბრისას "ფაიზერის" დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განვიხილეთ. ვისაუბრეთ საქართველოში "ფაიზერის" დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე - ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს. ყურადღება გავამახვილეთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე, რომელიც წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და ამისთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების დროულად მობილიზების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მადლობას ვუხდი"ფაიზერის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს თანამშრომლობისთვის და მჯერა, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი ქვეყანა "ფაიზერის" დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.


