„მე ოპოზიციის მჯერა, მწამს“ – რურუამ საპატიმრო დატოვა
27/04/2021 14:50:49 პოლიტიკა
„მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუამ საპატიმრო შეწყალების შემდეგ დატოვა.
„შეთანხმების პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასალევად მნიშვნელოვანია, მეორე ნაწილიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატმრობა,– განაცხადა გიორგი რურუამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პატიმრობაში უსაფუძვლოდ იმყოფებოდა.
„მოგეხსენებათ, წელიწადნახევარი საპატიმროში ტყუილად გავატარე, არ ვიცი რატომ. ტყუილი ბრალდებით. ეს დამტკიცდა და მემგონი, ყველასთვის ნათელია. ახლა ნიშნისმოგებას არ ვაპირებ, წინ გავიხედოთ. ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. „შესაწყალებელი არაფერი მქონდა. ვფიქრობ, თავიანთი დანაშაული გამოასწორეს. მე ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება, შემომთავაზეს, მეღიარებინა დანაშაული 8 მარტის შეთახმების შემდეგ და უარი ვთქვი, რადგან თავს დამნაშავედ არ ვცნობ“.
მან მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, საქართველოში აშშ–ის და ევროკავშირის ელჩებს, ამერიკელ სენატორებს და ევროპარლამენტარებს.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ოპოზიციას იმისთვის, „რასაც აკეთებს“:
„მე მათი მჯერა, მწამს“.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა პოლიტიკურ აქტიურობას, რურუამ ასე უპასუხა:
"მე აქტიური მოქალაქე ვარ, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ. პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკოსების საქმე არაა, ჩვენი საქმეა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ასევე სხვადასხვა პლატფორმებიდან".


