"ველოდებით ნაბიჯებს შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის, კვლავ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეუერთდნენ ამ შეთანხმებას"
27/04/2021 19:42:14 პოლიტიკა
ევროკავშირის დელეგაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენ გულთბილად მივესალმებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. დღეს ხელმომწერები ოპოზიციური პარტიებიდან შევიდნენ პარლამენტში, რათა მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო საქმიანობაში საქართველოს მოქალაქეების სახელით.
მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის აღმოსაფხვრელად. საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი საკონსტიტუციო უფლებამოსილებები აღნიშნული ვალდებულების განხორციელების მხარდასაჭერად.
ეს იყო რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოითხოვდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამბედაობას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მომდევნო ნაბიჯებს შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის შეთანხმებული ვადების შესაბამისად საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის წინ წასაწევად.
ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეუერთდნენ ამ შეთანხმებას და წვლილი შეიტანონ მის შესრულებაში საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნდა.


