„ჯანდაცვის მინისტრმა თავი შეირცხვინა“ – პარლამენტში ტიკარაძეს ელოდებიან
28/04/2021 07:10:24 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან. ეკატერინე ტიკარაძე "მინისტრის საათის" ფორმატში ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
პარტიების "გირჩის", "მოქალაქეებისა" და "ევროპელი სოციალისტების" გარდა, პლენალურ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი არცერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ისინი ამ ეტაპზე პარლამენტში მუშაობას მხოლოდ ამნისტიის კანონპროექტის ფარგლებში გეგმავენ.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ ეკატერინე ტიკარაძემ, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, „თავი შეირცხვინა“.
მისი შეფასებით, ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია და ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ ვაქცინაციის პროცესს თავი ვერ გაათვა:
"გუშინაც ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ მითი, თითქოს მთელი ერი ვაქცინაციას ებრძვის, არ დადასტურდა: ხალხი კისრისტეხით რეგისტრირდებოდა და ვერ ახერხებდა ჩინურ ვაქცინაზეც კი რეგისტრაციას, რომელზეც ყველა ფეხს ითრევდა თითქოს. მთავარი კითხვა არის, რომ ასე პორცია - პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის? რატომ ვერ მოაბა თავი ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ, საკმარისი ოდენობის ვაქცინა შემოეტანათ? ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა – ვერაფერს მოაბა თავი. რამდენიმე სიტყვა დაამკვიდრა ჩვენს ლექსიკონში - რაღაც გაუგებარი "საწოლფონდი" და მსგავსი, ეს არის და ეს. ვხედავთ ჯანდაცვის სისტემა როგორი გაუმართავია და ვაქცინაციის პროცესი არის კატასტროფა", - განაცხადა ელისაშვილმა.


