" ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული"
28/04/2021 08:06:24 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული".
"პირობითად რომ ვთქვათ, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება კონკრეტულ ადამიანს ესროლე და ა.შ. ეს გადის ამ მუხლში (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება). თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ იყო გაცემული ზოგადი ბრძანება, კანონებს გარეთ გასული დემონსტრაცია უნდა შეწყვეტილიყო, ამას არ ეხება ეს მუხლი და ეს არ არის იმ სიმძიმის დანაშაული, როგორიც მაგალითად ნიკა მელიას დანაშაული, ასე შევხედოთ, რომ ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული,"- განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, მთავარია შეთანხმდნენ სად არის სიმართე და უნდათ თუ არა, რომ ამ ამნისტიის უახლესი წარსულის ეს გვერდი გადაშალონ:
„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით მთავარ საკითხში - ამნისტია უნდა იყოს თუ არა გვერდის გადაფურცვლა. ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო სულისკვეთება შარლ მიშელის დოკუმენტის მთლიანად და მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ამ სულისკვეთებით ამოვდივართ, როცა ვსაუბრობთ ამნისტიაზე და ჩვენი პროექტი სწორედ ასეთია, რომ ეს იყოს ამ საკითხის დახურვა, გარდა ისეთი დანაშაულისა, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე ვერ იქნება ამნისტიის ნაწილი, როგორიც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. რაც შეეხება საკითხს, შეეხოს თუ არა მხოლოდ მიმდინარე საქმეებს, თუ იყოს ზოგადი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ის მტკიცება თითქოს შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს, რომ ეს მხოლოდ მიმდინარე საქმეებს შეეხოს, არის მანიპულაცია და ტყუილი".


