იაპონიის ელჩი: „კრიზისი არ შექმნის კარგ კლიმატს იაპონური ინვესტიციებისა და ნებისმიერი სხვა ბიზნესისთვის“
28/04/2021 10:47:35 პოლიტიკა
საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკურა ამბობს, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაგრძელდება არ შექმნის კარგ კლიმატს, მათ შორის, იაპონური ინვესტიციებისთვის.
როგორც ელჩი აღნიშნავს, ბიზნესი ინვესტიცირებისას სხვა რისკებთან ერთად პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებულ რისკებსაც განიხილავს.
დიპლომატი პოლიტიკოსებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებლი შეთანხმების დოკუმენტს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ ვემხრობით, რომ მხარეებს შორის შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო. ევროკავშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტი შესანიშნავი ბიძგია პარტიებისთვის, რომ შეიკრიბონ და ერთად დაიწყონ მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციაში - პარლამენტში.
ხალხმა, პოლიტიკოსებმა მხარი უნდა დაუჭირონ ამ შეთანხმებას. იაპონიაც მხარს უჭერს მას. თუ კრიზისი დიდხანს გაგრძელდება, ეს არ იქნება კარგი ევროინტეგრაციისთვის, ასევე, არ შექმნის კარგ კლიმატს იაპონური ინვესტიციებისა და ნებისმიერი სხვა ბიზნესისთვის. ნებისმიერი ბიზნესი ინვესტიცირებისას სხვა რისკებთან ერთად პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებულ რისკებსაც განიხილავს", - განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან.
შარლ მიშელის დოკუმენტს პოლიტიკოსების ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა. ამ ეტაპზე დოკუმენტს ხელს არ აწერენ „ევროპული საქართველო“, ენმ და „ლეიბორისტები“. ხელმომწერი პოლიტიკოსების პარლამენტში შესვლის შემდეგ პრეზიდენტმა შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალა.


