„ლელო“ 20-21 ივნისის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
28/04/2021 11:49:32 პოლიტიკა
პარტია „ლელო“ 20-21 ივნისის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
როგორც ჟურნალისტებთან პარტიის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ამნისტიის კანონის მიღებამდე საჭიროა, დადგინდეს, "ვინ იჯალათა" და ვინ გასცა ბრძანება.
"მზადდება ალტერნატიული კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ შევიტანთ, რადგან არანაირად არ ვეთანხმებით ქართული ოცნების მიდგომას ამნისტიასთან დაკავშირებით.
ამავე დროს, გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რადგან ინფორმაცია არის დახურული, ქართული ოცნება ითხოვს ყველას შეწყალებას, მაგრამ, სანამ შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას, ვინ იჯალათა, ვინ გასცა ბრძანება. ამას სჭირდება დადგენა", - განაცხადა ხაზარაძემ.
27 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. გაირკვა, რომ ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება. დეპუტატ შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტში კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული და ითქვას, რომ ამნისტია ვრცელდება 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე. ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ, დღეს ამნისტიის თაობაზე ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება.
შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.


