ვინ ითხოვს თურქეთში ამერიკული ბაზების დახურვას, აფხაზეთის აღიარებასა და ყირიმის რუსულად ცნობას

28-04-2021 17:59:58 ინტერვიუ

თურქულმა პოლიტიკურმა პარტია “Vatan”-მა (“სამშობლომ”) 26 აპრილს ანკარაში გამართულ მიტინგზე ქვეყნის ხელმძღვანელობას თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ამერიკული და ნატო-ს სამხედრო ბაზების დახურვის, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად ცნობის ინიციატივებით მიმართა. ეს ყველაფერი, როგორც “ვათანში” მიაჩნიათ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილების საპასუხო ნაბიჯად უნდა იქცეს.

«ბაიდენის შემოტევას მხოლოდ სიტყვებით ვერ ვუპასუხებთ, აქ ზომებია მისაღები. რუსეთთან, ირანთან და აზერბაიჯანთან უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ყირიმის რუსულად ცნობის, ასევე აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხებზე», – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანა ოზგიურ ბურსალიმ.

ცნობისთვის: ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელიც ჩრდილოეთ კვიპროსს აღიარებს, უკვე თითქმის 50 წელია, თურქეთი რჩება. ბურსალიმ ასევე მოუწოდა მთავრობასა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, კონტროლი დაამყარონ “ინჯირლიკისა” და “ქიურეჯიკის» ამერიკულ ბაზებზე.

მისი თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა თურქეთის ტერიტორია 15 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

თურქული პარტია “Vatan” მსგავსი ინიციატივებით ადრეც არაერთგზის გამოსულა და ბაიდენის განცხადების შემდეგ ამ თემასთან მის დაბრუნებაში მოულოდნელი არაფერია.

რას წარმოადგენს პარტია “Vatan”

“ვიკიპედიაში” ამ პარტიის შესახებ შემდეგი ინფორმაცია იძებნება: “სამშობლოს პარტია” (Vatan Partisi) თურქეთის ნაციონალისტური პოლიტიკური ორგანიზაციაა. იგი 2015 წლის 15 თებერვალს დაფუძნდა. პარტიის თავმჯდომარეა დოგუ პერინჩეკი. ანტიამერიკული, პრორუსული და პროჩინური ორიენტაციის პოლიტიკური ძალა ირანსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან კავშირების განმტკიცებას ემხრობა.

2020 წლის ივნისში “ვათანი” “შავი ზღვისპირეთ-ხმელთაშუა ზღვისპირეთის მეგობრობისა და მშვიდობის გეგმით” გამოვიდა.

პარტიაში თვლიან, რომ თურქეთმა ყირიმი რუსეთის კუთვნილებად უნდა აღიაროს, აფხაზეთის დიპლომატიურ აღიარებას მიაღწიოს და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდეს მხარს.

მის გეგმაშია ასევე, მიაღწიოს თურქეთიდან და მის ირგვლივ რეგიონიდან ამერიკული და ნატო-ს ბაზების გაყვანას.

ხსენებული გეგმის ნაწილს წარმოადგენდა ასევე იმის მიღწევა, რომ რუსეთს ანკარის სავარაუდო ნაბიჯების სანაცვლოდ უარი ეთქვა მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის მრავალწლიან კონფლიქტში სომხური მხარის მხარდაჭერაზე. თუმცა გასული წლის შემოდგომაზე ყარაბაღში მომხდარი მეორე ომის, კონფლიქტის ზონაში რუსი სამხედროების შეყვანისა და ბაქო-ერევანს შორის რიგი შეთანხმებების მიღწევის შემდეგ ამის საჭიროება თითქოს მოიხსნა.

დოგუ პერინჩეკი თვლის, რომ რუსეთი და თურქეთი შეიძლება, დაახლოვდნენ მას შემდეგ, რაც 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი აღიარა.

«ამ განცხადების შემდეგ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები ცალსახად განმტკიცდება. ბაიდენის გადაწყვეტილება – ეს არის მკაფიო ნაბიჯი თურქეთის, აზიის, რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ. ეს არავითარ კავშირში არაა ადამიანის უფლებების პრობლემატიკასთან და ვერც ისტორიული ფაქტების ანალიზის ჭრილში შეფასდება. ბაიდენი მოქმედებაზე გადავიდა და დაიწყო თურქეთით, რათა შემდეგში რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდე მიიღოს ზომები», – აცხადებს პარტიის თავმჯდომარე.

მისივე აზრით, ბაიდენის განცხადება “ადასტურებს მის განზრახვას, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაცია დაამხოს».

სიტუაციის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ თავად რუსეთს, რომელთან დაახლოებასაც პროგნოზირებს და მხარს უჭერს ეს პარტია, სომხების გენოციდი ოფიციალურად ჯერ კიდევ 1995 წელს აქვს აღიარებული.

პარტიის მიმართ მხარდაჭერა

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც თურქეთის შიდა პოლიტიკას კარგად იცნობს, საქმიანობდა რა მეზობელ ქვეყანაში, გვიამბობს, რომ სკანდალებით ცნობილ პარტიას მინიმალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს, მისი ლიდერი კი კრემლთან მჭიდრო კავშირშია შემჩნეული.

„ვათანის» მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი 1%–საც ვერ აღწევს. დარწმუნებული ვარ, მის პოზიციონირებას სერიოზული არაფერი მოჰყვება, - ეს ცალსახად არ არის თურქეთის სახელმწიფოს პოზიცია“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ბატიაშვილი.

მისივე შეფასებით, „სამშობლოს“ პოზიციონირებაში თურქეთს გარედან მიღებული პოლიტიკური დაკვეთის შესრულების მცდელობა იგრძნობა, ხოლო დეკლარირებული მიზანი - თურქეთისა და რუსეთის დაახლოება - შეუსრულებელი მისიაა:

„ისტორიულად თურქეთსა და რუსეთს მუდმივი დაპირისპირება აქვთ, ერთი და იგივე ტერიტორიაზე საკუთარი გავლენის საკითხი ორივესთვის მნიშვნელოვანია. იგივეს თქმა შეიძლება ყირიმზე, ყარაბაღზე (კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს არიან), საქართველოზე (რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, თურქეთი კი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანების ერთ–ერთი გამორჩეული მხარდამჭერია)“.

ბატიაშვილის დაკვირვებით, საზოგადოებრივი მხარდაჭერის არქონის პირობებში პარტიის მიზანი ყურადღების მობილიზება და აჟიოტაჟის გამოწვევაა, თითქოს თურქეთი რუსეთისკენ იხრება, თითქოს ამ იდეას მხარდამჭერები ჰყავს:

„ხშირად საქართველოშიც ვაწყდებით იმგვარ აქტივობებს, რომელიც ქართულ–თურქულ ურთიერთობებს მაინცდამაინც არ ადგება. ამ შემთხვევაში კი ვნახეთ თურქეთის ერთ–ერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომელიც მავანმა შესაძლოა, განაზოგადოს - თითქოს მსგავსი პოზიცია თურქეთში რეალურად დომინირებს (რაც სიმართლეს არ შეესაბამება) და ჩვენში ანტითურქული განწყობების გასაღვივებლად გამოიყენოს“.

დისტანცირების ფასი

ბატიაშვილი თვლის, რომ აშშ–ის პრეზიდენტის მიერ სომხების გენოციდის აღიარებით თურქეთს დასავლეთისგან დისტანცირებისთვის „ფასის“ გადახდა მოუწია:

„თუ მანამდე შეერთებული შტატები ითვალისწინებდა თურქეთის სენსიტიურ დამოკიდებულებას იგივე გენოციდთან დაკავშირებით, ახლა მდგომარეობა შეიცვალა. თურქეთს ვერც „მონტროს კონვენციის“ კუთხით გამოთქმულმა ინიციატივამ უშველა“,– ამბობს ბატიაშვილი, მაგრამ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მყოფი ოფიციალური ანკარისგან საპასუხო ზომებს არ ელის:

„თურქეთი ეკონომიკური სირთულეების წინაშე დგას და არ აქვს ფუფუნება, შეერთებული შტატების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, ესმის რა, რომ ამან შესაძლოა, უკუშედეგი გამოიღოს იგივე თურქული ლირის გაუფასურების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, თურქული ვალუტა მძიმე წნეხის ქვეშაა, ქვეყანაში 18 დღით სრული „ლოკდაუნია“ გამოცხადებული, რაც კიდევ მეტ დარტყმას მიაყენებს თურქულ ეკონომიკას, რომელმაც დაკარგა მნიშვნელოვანი დასავლური ინვესტიციები. სწორედ ამ პირობებში მოხდა აშშ–ის მიერ ხსენებული გადაწყვეტილების მიღება“.

მიუხედავად იმისა, რომ ბატიაშვილის ხედვით, თურქულ–ამერიკულ ურთიერთობებში «რუბიკონი გადაილახა», იგი ანკარის საგარეო პოლიტიკაში მკვეთრ ცვლილებებს არ ელის:

„თურქეთი თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მკვეთრად პრორუსული და პროამერიკული ვერ იქნება: გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ვერ დაახლოვდება, რადგან რუსეთისთვის საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარი მოწინააღმდეგე ნატო–ა, თურქეთი კი ამ ალიანსის წევრია. იგი ვერ შეძლებს ამ რეალობის შეცვლას, ვერც დასავლურ ინვესტიციებს ჩაანაცვლებს რუსულით (ფიზიკურად არ აქვს რუსეთს შესაბამისი ეკონომიკური შესაძლებლობები). ამდენად, თურქეთი კვლავ იქნება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და მოუწევს “ზიგზაგისებრი“ პოლიტიკის გაგრძელება, რაც აქამდეც შეიმჩნეოდა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები