აშშ-ის საელჩო - გამკაცრებულ სანქციებზე: "არასაჭირო და უსარგებლოა, იმედგაცრუებულები ვართ"
29/04/2021 17:13:56 პოლიტიკა
აშშ-ის საელჩოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გამკაცრებულ სანქციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულები არიან "ქართული ოცნების" მიერ ხსენებული ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.
"ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. "ქართულ ოცნებას", როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა. საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით ქართულმა ოცნებამ, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


