ჩიხლაძის თქმით, გამკაცრებული სანქციები ვერც სამოქალაქო აქტივისტებს და ვერც მიტინგებს ვერ შეაჩერებს
30/04/2021 08:22:20 პოლიტიკა
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ვერ შეაჩერებს ვერც პროტესტს, ვერც სამოქალაქო აქტივისტებს, ვერც მიტინგებს“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს.
მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხელშეკრულების სულისკვეთებას:
„ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ არ აინტერესებთ საქართველოს ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია. ისინი ადგანან გზას რუსეთისკენ, ბელორუსისკენ და თურქმენეთისკენ. ეს დემოკრატიის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. ამას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი. ისინი წუხილს გამოხატავენ, პირდაპირ წერენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ვერ შეაჩერებს ვერც პროტესტს, ვერც სამოქალაქო აქტივისტებს, ვერც მიტინგებს. ეს მათი მცდარი იდეოლოგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. თუნდაც, შარლ მიშელის ხელშეკრულების სულისკვეთებას“,-აცხადებს ჩიხლაძე.
ცნობისთვის: 29 აპრილს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენითაც მხარი დაუჭირა ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" შეფასებით, ადმინისტრაციული კოდექსი ამ ცვლილებების შემდეგ უფრო რეპრესიული გახდება, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" თვლის, რომ პოლიციის დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ამ მუხლების ნორმატიულ შინაარსს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე.
პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები "ოცნებიდან": ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.


