"აშშ-მა ძალიან ნათელი გახადა, რომ შეთანხმების სულისკვეთების დარღვევა ძვირი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“
30/04/2021 09:50:30 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ნათელი გახადა, რომ შეთანხმების როგორც პუნქტების, ასევე მისი სულისკვეთების დარღვევა ძვირი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ის, რომ ფაქტობრივად დამატებითი რეპრესიული მექანიზმების გაჩენა პროტესტის წინააღმდეგ ქვეყანაში მიღებული იქნა მალულად, ჩუმად, დაჩქარებული პროცედურით ისე, რომ განხილვაში არ მიეცა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არც ოპოზიციას, არც საზოგადოებას - ეს არ შეესაბამება იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით „ქართულ ოცნებასთან" და ამიტომ გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ძალიან მკაცრი და მკაფიო განაცხადი. ეს არის უდიდესი ნაბიჯი უკან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, მსგავსი ცვლილებები უნდა მიიღებოდეს მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის შემდეგ, მას შემდეგ, რაც თუნდაც საკომიტეტო მოსმენაზე მოვლენ საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები და საკუთარ აზრს დააფიქსირებენ", - განაცხადა სამადაშვილმა.
29 აპრილს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენითაც მხარი დაუჭირა ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" შეფასებით, ადმინისტრაციული კოდექსი ამ ცვლილებების შემდეგ უფრო რეპრესიული გახდება, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" თვლის, რომ პოლიციის დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ამ მუხლების ნორმატიულ შინაარსს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე.
პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები "ოცნებიდან": ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.


