Accentnews.ge
მთავრობა აცრილი მოქალაქეებისთვის შეღავათებს განსაზღვრავს

მთავრობა აცრილი მოქალაქეებისთვის შეღავათებს განსაზღვრავს

04/05/2021 09:02:32 საზოგადოება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ე.წ მწვანე პასპორტების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.

საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.

"აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთვის ახლო მომავალში იქნება წარდგენილი. ამასთან, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომელთაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მანამდე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შეღავათები შესაძლოა, "კომენტანტის საათის" დროს გადაადგილებას და პირბადის ტარებას შეეხოს.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ტურისტულ ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ე.წ. კოვიდუსაფრთხო ობიექტებად ჩაითვლება.

ნათია თურნავას განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო და მასში შემავალი ტურისტული ადმინისტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ასოციაციასთან, შეიქმნება სპეციალური სიები რესტორნების, სასტუმროების, ტუროპერატორი კომპანიების, რომელთა თანამშრომლების უმრავლესობაც, ნებაყოფლობით, მაგრამ ორგანიზებულად, აიცრებიან.

ამ გზით მთავრობა ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის გახსნას იწყებს:

"დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ უწყებათაშორის საბჭოზე. საუბარი არის ჩვენ ტურისტულ ინდუსტრიაზე. გადავწყვიტეთ პრემიერ-მინისტრის დავალებით, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში.

ჩვენ და ჩვენს სამინისტროში შემავალი ტურისტული ადმინისტრაცია იმუშავებენ სხვადასხვა ასოციაციასთან: ეს არის ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა და სასტუმროების ასოციაციები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიის თანამშრომლების და მოხდება მათი ნებაყოფლობითი რა საკვირველია, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია, ჯანდაცვის სამინისტრო ამაში შემდეგ დაგვეხმარება და შედეგად ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულ პერსონალის უდიდესი უმრავლესობა რა თქმა უნდა იმ წესების დაცვით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს, იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო სასტუმროებად, რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენს ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ პრომოუშენს, მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო თუ რესტორანი კოვიდუსაფრთხოა.

რა თქმა უნდა ეს ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია. იცით, რომ თითქმის ყოველკვირეულად გვემატება ახალი ფრენები, ავიაკომპანიები აღდგენენ და ახალ მიმართულებებს აცხადებენ საერთაშორისო ფრენების და ახლა მთავარი, მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კოვიდუსაფრთხო მასპინძლობა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S