გაბუნია განმარტავს, საჭიროა თუ არა ვაქცინის მესამე დოზა და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება მისი აუცილებლობა

04-05-2021 16:37:57 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“–ის ეთერში ისაუბრა, არის, თუ არა საჭირო ვაქცინის მესამე დოზა და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება მისი საჭიროება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მსგავსი საჭიროება კვლევების შედეგად უნდა დადგინდეს.

"ეს მოწმდება კვლევის პირობებში. ანუ, მთავარი გამოსავალი და სიკეთე რაც ვაქცინამ უნდა მოიტანოს, ისაა, რომ ადამიანი პირველ რიგში, ინფიცირებისგან დაიცვას, შემდეგ – მძიმე ფორმის განვითარებისგან და მესამე – სიკვდილობისგან. როდესაც საუბარია დამატებით გამაძლიერებელ დოზაზე, ეს საკითხი იქნება მაშინ, თუ ინფიცირების შემთხვევები იმატებს, მიუხედავად ვაქცინაციისა: მაგალითად, თუ ადამიანმა ვაქცინის ორი დოზა მიიღო, მაგრამ მაინც ინფიცირდება, ამ შემთხვევაში მეცნიერები განიხილავენ, ხომ არ არის საჭირო იმუნიტეტის კიდევ გაძლიერება დამატებითი, მესამე დოზით და აქედან გამომდინარე, სამეცნიერო საფუძვლები უდევს ამას ყველაფერს“,– ამბობს გაბუნია და დასძენს, „მიჩნეულია, რომ კორონავირუსის ვაქცინა არ არის ერთჯერადი ვაქცინაცია: მას გარკვეული პერიოდულობით განმეორება დასჭირდება".

მისივე თქმით, როდესაც საუბარია მესამე დოზაზე, ეს არ გულისხმობს 21–დღიან ინტერვალს:

„პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი 21 დღეა. რაც შეეხება მესამე, კიდევ გამაძლიერებელ დოზას, არა მხოლოდ „სინოფარმთან“, სხვა ვაქცინებთან მიმართებაშიც არის გარკვეული სამეცნიერო მსჯელობა. იგივე მსჯელობა იყო „ფაიზერთან“ მიმართებაში. ჯერ–ჯერობით სტანდარტული პრაქტიკაა ორი ვაქცინაცია 21–დღიანი ინტერვალით. დაველოდებით დამატებით მონაცემებს. ეს არ იქნება სწრაფი მესამე დოზა – საუბარია რამოდენიმე თვის შემდეგ გამაძლიერებელ დოზაზე. როდესაც ეს მონაცემები ჯანმო–სთვის გახდება ხელმისაწვდომი, ჩვენ შემდეგ ამის მიხედვით ჩამოვყალიბდებით“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები