
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" და "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" შსს-ს გარეჯში მომხდარის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ
04/05/2021 15:30:29 საზოგადოება
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" და "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" გმობენ “მთავარი არხის” თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა".
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მოუწოდებს ხელისუფლებას, "დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით".
ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ "ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული".
გარდა ამისა, "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დროულად დაწყებას და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის აღკვეთისკენ მოუწოდებენ: “დავითგარეჯში მომხდარი ფაქტი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს მოიცავს", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, დავით–გარეჯში კარტოგრაფ ივერი მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეარხი "შაბათის მთავარისთვის" სიუჟეტს ამზადებდა.
ადვოკატის თქმით, ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა.
ტელეარხის ცნობით, თავდასხმის შემდეგ "მთავარი არხის" მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შსს-სგან თავდამსხმელების ვინაობის დადგენას და მათ დასჯას ითხოვს:
„კატეგორიულად მოვითხოვთ ამ პირების გამოვლენას და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო“.
იგი ასევე მიმართავს სახალხო დამცველს, აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, "ყურადღება მიაქციონ მომხდარს".
შსს-მ შემთხვევის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. გამოძიება ჯერ–ჯერობით დაწყებული არ არის ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.