იმნაძე განმარტავს, როდის შემოვა საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინის დამატებითი დოზები

05-05-2021 09:57:23 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მაქსიმუმ, შემდეგ თვეში საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ ხალხი ნელ-ნელა რწმუნდება, ვაქციანაციას ალტერნატივა არ აქვს.

"მონაცემები ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს. 45 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა და ვხედავთ, რომ თბილისში, „სინოფარმის“ აცრაზე, თვის მეორე ნახევრის ჩათვლით, პრაქტიკულად, ყველა ადგილი დაჯავშნილია. ჩვენი ხალხი ნელ-ნელა რწმუნდება იმაში, რომ ვაქციანაციას ალტერნატივა არ აქვს, რაც ძალიან კარგი და სასიხარულოა. ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ ჩვენი წესებით და არა კოვიდის წესებით, ვაქცინაცია აუცილებელია“, – განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის: საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყო. "სინოფარმს" ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია. ჯანმო–ს ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი "სინოფარმის" შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მიმართავს. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 78.1%-ია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები