შს მინისტრი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა: " სხვა გამოსავალი არ არის, საბოლოოდ ყველა უნდა აიცრას, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს"

05-05-2021 10:06:07 საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. იგი ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" აცრეს. მან ვაქცინა ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად გაიკეთა.

„გავიკეთე ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმი“. ეს ნაბიჯი გადავდგი იქიდან გამომდინარე, რომ მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს, წავახალისო, რომ გაიკეთონ ვაქცინა. იქნება ეს „სინოფარმი“ თუ სხვა ვაქცინა, შეიძლება „ასტრაზენეკაც“ გაიკეთონ. ეს აუცილებელია. ვხედავთ, რაც ხდება მსოფლიოში, სამწუხაროდ. წელიწადზე მეტია ველოდებით, თუმცა არაფერი შეიცვალა, დღითიდღე უარესდება (მდგომარეობა) მსოფლიოში ყველგან და მათ შორის ჩვენთან. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ვხედავთ, რასაც გვეუბნება მსოფლიო ჯანდაცვა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმები - სხვა გამოსავალი არ არის, საბოლოოდ ყველა უნდა აიცრას, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ექიმების რეკომენდაცია ექნება“, - განაცხადა მინისტრმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. გარდა ამისა, პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

ცნობისთვის: საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყო. "სინოფარმს" ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია. ჯანმო–ს ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი "სინოფარმის" შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მიმართავს. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 78.1%-ია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები