„კიდევ ბევრი მანქანა უნდა შევიძინოთ. დამნაშავეს ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ“
05/05/2021 09:33:16 პოლიტიკა
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ავტოპარკის განახლებაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ შს სამინისტროს მეტი მანქანა სჭირდება.
„კიდევ ბევრი მანქანა უნდა შევიძინოთ: 43 000 პოლიციელზე მეტი ვართ, ყველაზე დიდი სამინისტრო ვართ. პირდაპირ გეტყვით, 30 მანქანა ზღვაში წვეთია. არ შეიძლება, პოლიციელმა ფეხით გაატაროს შემოვლები ღამე. დამნაშავეს დაკავების დროს ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ, მანქანები გვჭირდება. აქედან გამომდინარე განვაახლეთ მანქანები, არა 30, ასობით მანქანა უნდა ვიყიდოთ კიდევ, რომ ჩვენმა პოლიციელებმა კომფორტულად შეასრულონ თავიანთი უფლებამოვალეობა.
პოლიციელს სჭირდება ფორმა, პოლიციელს სჭირდება მანქანა, შეიარაღება. ბევრჯერ მეკითხებიან ხოლმე, „ამდენი პრემია სად იხარჯება“, დიახ, პრემიებს ვაძლევ და უფრო მეტს მივცემ, იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის გაორმაგებულია ჩვენი დატვირთვა. ერთ-ერთი მთავარი თემა კრიმინალია, თუმცა მეორე თემა პანდემიასთან ბრძოლაა და ჩვენი თანამშრომლები თითქმის ყოველდღე მუშაობენ, დღე და ღამე გარეთ არიან, აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს ვახალისებთ და ვაძლევ პრემიებს“,– განაცხადა გომელაურმა.


