გახარიას გუნდის წევრს ზეწოლაზე საუბარი აღარ სურს
06/05/2021 08:08:18 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას გუნდის წევრს, დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილს ზეწოლაზე საუბარი აღარ სურს. საუბარია ხოჯევანიშვილის მიერ პარლამენტში გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომ გახარიას გუნდის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს. „აქცენტი“ დეტალებით დაინტერესდა.
„ამ ეტაპზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. მომავალში შევხედოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები“– უპასუხა დეპუტატმა „აქცენტს“ თემის კომენტირებისას წერილობითი ფორმით და აღარ განუმარტავს, რატომ იკავებს თავს.
შეგახსენებთ, რომ ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 27 აპრილს შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა:
„აუცილებლად უნდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ მართლაც სამარცხვინო ქმედებას, რომელსც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების – გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ საჯარო მოხელეების და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდენულების ის ფორმა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, არ მუშაობს. მე ვეტყოდი მათ, ვინც მსგავს დავალებებს გასცემს და ასრულებს, ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, წარსულს უნდა ჩაბარდეს და მეტიც, სიკეთეს ვერ მოგიტანთ. მინდა, ჩვენი თანამოაზრეები გავამხნევო, რომ გუშინდელი და გუშინწინდელი მოვლენები წარსულში დარჩება და ჩვენ წინ წავალთ“.


