შავი ზღვა და საქართველო–უკრაინის მიზნები – ექსპერტების ანალიზი

06-05-2021 18:57:49 საგარეო პოლიტიკა ,ანალიზი

კვლავ უცნობია, კონკრეტულად როდის შედგება საქართველოს პრეზიდენტის დაანონსებული ვიზიტი უკრაინაში, მაგრამ ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში მხარეები შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ მიმართულებით NATO–სა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე ერთობლივი მიზნების წარდგენაზე ფოკუსირდებიან. მართალია, საქართველომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის კონცენტრირებისა და კრიტიკის ფონზე, კიევში ელჩი დააბრუნა, თუმცა უცნობია, უჭერს თუ არა მხარს საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის მიდგომას, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ ოფიციალური რელიზიდან შევიტყვეთ და მოხადენს თუ არა გავლენას რელიზში გამოხატული პოზიციის სულისკვეთებაზე.

„ქალბატონ სალომეს გარკვეულწილად ვიცნობ, მიმუშავია მასთან და ვფიქრობ, თუ მან გადაწყვიტა, რომ ნაბიჯები გადასადგმელია, მას მთავრობა, მით უმეტეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ შეეწინააღმდეგება“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, წარსულში საქართველოს ელჩი უკრაინაში, რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი "აქცენტთან" საერთო მიზნების კონტექსტში უკრაინისა და საქართველოს ინტერესების თანხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას:

„საქართველომ და უკრაინამ დემოკრატიული გზით სვლა და დასავლეთისკენ მიმართული საგარეო პოლიტიკა აირჩიეს. შედეგად, ორივე ქვეყანა რუსეთის მხრიდან უკიდურესი ზეწოლის ობიექტი გახდა, მათ შორის, ვიხილეთ ომი და ტერიტორიის ოკუპაცია. საქართველოს და უკრაინას საერთო ინტერესები აქვთ, ერთობლივად იმუშაონ, რათა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას შეუწყონ ხელი. მორიგი გადაკვეთის წერტილი ორივე ქვეყნისთვის NATO–სა და ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებისთვის გზების ძიებაა. გარდა ამისა, მათი საერთო ინტერესია, გაიზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, რათა დასრულდეს მათი ტერიტორიების ოკუპაცია და უკრაინის შემთხვევაში, დასრულდეს ომი დონბასში“.

აშშ-ის "საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი სტივენ ბლენკი კი „აქცენტთან“ ამბობს“, რომ საერთო გამოწვევების წინაშე მყოფ ორივე ქვეყანას მხოლოდ მმართველობის სტილის გაუმჯობესებით აქვს თავდაცვის შანსი:

"რა თქმა უნდა, ამ ორ სახელმწიფოს შეუძლია, ერთად იმუშაონ რუსეთთან ომების სამხედრო გაკვეთილების გაზიარებაზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და დაზვერვის მონაცემების გაზიარებაზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, ორივე სახელმწიფომ გააგრძელოს რეფორმისა და დემოკრატიზაციის პროცესი, რაც ბოლო პერიოდში სერიოზულად შემცირდა. ორივე ხსენებული მიმართულებით მარცხი უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის რუსული დივერსიისთვის, რაც თავის მხრივ მეტ საფრთხეს უქმნის ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მხოლოდ თავიანთი მმართველობის გაუმჯობესების საფუძველზე აქვთ საქართველოსა და უკრაინას NATO–სა და ევროკავშირში გაწევრიანების და რუსეთისგან თავდაცვის შანსი“.

უკრაინა–საქართველოს მიერ უსაფრთხოების საკითხებზე (როგორც ორმხრივ, ასე მრავალმხრივ ფორმატში) ურთიერთქმედების გააქტიურების განზრახვასაც კი მიესალმება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ვალერი ჩეჩელაშვილი:

„ეს გვერდი, რომელსაც ორმხრივ ურთიერთობებში უღიმღამო პერიოდი შეიძლება ვუწოდოთ, რაც შეიძლება მალე უნდა გადავშალოთ და ახალი ეტაპი დავიწყოთ. თუ ეს ორივე მხარის შეთანხმებული პოზიციაა, ძალიან კარგია. ძალიან კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ჩავა უკრაინაში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, პრეზიდენტი ზელენსკი ჩამოვიდეს საქართველოში – ეს უფრო ძლიერი გზავნილი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რომ ჩვენი ურთიერთობები, შესაბამისად, ჩვენი „დუეტი“ ისევ მყარ ადგილს იკავებს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში“.

რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას და ერთობლივ მიზნებს, ჩეჩელაშვილი შავი ზღვის აუზში NATO–ს წევრი ქვეყნების არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას და იტოვებს იმედს, ვიზიტის ფარგლებში სამმხრივი ფორმატის პერსპექტივა გაანალიზდება:

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ შავი ზღვის აუზში საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის გარდა, ნატო–ს წევრი სამი ქვეყანაა წარმოდგენილი – თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. თურქეთ–უკრაინის ურთიერთობებში საინტერესო ტენდენციები იკვეთება: ძლიერდება, მათ შორის, სამხედრო წარმოების კონტექსტში ურთიერთობები, რაც საკმაოდ გამაღიზიანებელია რუსეთისთვის. რუსეთი თავის ზრახვებს არ იშლის და მას ცალკე აღებული ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ვერ დაუპირისპირდება. მას შეიძლება, დავუპირისპირდეთ მხოლოდ მრავალმხრივ კონტექსტში, NATO–სთან და ალიანსის წევრ ქვეყნებთან (რომლებიც შავი ზღვის არეალში არიან) პარტნიორობით. ამ თვალსაზრისთ, საქართველო–უკრაინის ორმხრივი ფორმატი ძალიან საინტერესოა, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქართველო–უკრაინა–თურქეთის ფორმატი იქნებოდა. ირიბად, მაგრამ ფორმატში, თურქეთის მეშვეობით, ალიანსის მონაწილეობა იქნებოდა უზრუნველყოფილი. შეიძლება, მომავალში ბულგარეთსა და რუმინეთსაც შეეთავაზოთ ამ ფორმატში ინტეგრირება... უშუალოდ დიალოგის დროს იმდენი თემა შეიძლება, გაიშალოს და საინტერესო გადაწყვეტილებებამდე მივიდეთ, რომ უბრალოდ, გულდასაწყვეტია წელიწადზე მეტი რომ დავკარგეთ და კონტექსტიდან ვიყავით ამოვარდნილები. ამას ადასტურებს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაც: იყო საუბარი რუსეთის აგრესიაზე, მის შეკავებაზე, რომ რუსეთს ცივილიზებული სამყარო კონსოლიდირებულად უნდა დაუპირისპირდეს, გამოითქვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის ფონზე. სამწუხაროდ, უკვე მერამდენედ, „დიდი შვიდეულის“ დოკუმენტებიდან საქართველოს თემა სრულიად ამოვარდნილია. ეს დაუშვებელია! ჩვენ რომ უკრაინასთან რეალურად გვქონდეს ყოველდღიური მჭიდრო ურთიერთობები, ინტერაქცია, მათ შორის, „დიდი შვიდეულის“ დოკუმენტების მომზადების კონტექსტში, მსგავსი შეცდომა არ იქნებოდა დაშვებული“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები