სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა
07/05/2021 16:32:55 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა. საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სანქციები მკაცრდება.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პროცესი მეტ კომუნიკაციას მოითხოვდა ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან, კომუნიკაციის ნაკლებობა კი უნდობლობას ბადებს. თუმცა, მისივე თქმით, პროექტი არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და ვეტოს–თვის საკმარისი სამართლებრივი საფუძვლები არ აღმოჩნდა.
„პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავდი ვეტოს ინსტრუმენტის გამოყენებას, მაგრამ მისი გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს სამართლებრივ არგუმენტებსაც. ახალი ცვლილებები არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა სამართლებრივი პრინციპის დარღვევად და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულვებელყოფად. ამ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცვლილებებს კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ოპოზიცია. ზურაბიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შეხვედრები გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან და სხელისუფლებო გუნდის წევრებთან.
კანონპროექტი, რომლის ავტორიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია, ცვლილებებს სამ მუხლში ითვალისწინებს:
116-ე მუხლში პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებით, განმეორებით წვრილმან ხულიგნობაზე იზრდება ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი 7-დან 15 დღემდე.
173-ე მუხლში შესატანი ცვლილებით, სამართალდამცველის მიმართ ერთხელ დაუმორჩილებლოსა და მის სიტყვიერ ან სხვაგვარი შეურაცხყოფაზე ჯარიმა 2000-დან 3000 ლარამდე იზრდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი - 15 დღემდე ვადით.
ამავე ქმედების ხელმეორედ ჩადენაზე, ჯარიმა იზრდება 3 500-დან 4 500 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 10-დან 15 დღემდე.
247-ე მუხლში შესატანი ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებული პირი, ვალდებული იქნება სასამართლოში გამოცხადეს პირველი შესაძლებლობისთანავე, არაუგვიანეს 24 საათისა.


