ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
09/05/2021 06:45:47 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში" მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
"დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი. პირველ რიგში, მინდა ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო ეს დიდებული დღე, ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გმირმა ქართველებმა, ვეტერანებმა. მინდა, მათ წინაშე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დავადასტურო, ასევე ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც თავი გასწირეს ამ დიდი გამარჯვების მისაღწევად. მოგეხსენებათ, ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ ამ დიდი გამარჯვების მოპოვებაში და ფაშიზმზე გამარჯვებაში. ჩვენი ყველას ვალია,რომ ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი გმირი ვეტერანები, გავიხსენოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გასწირეს ამ დიდ ომში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ტრადიციული ღონისიძიებები "ვაკის პარკის" ნაცვლად, "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში" იმართება.


