სამადაშვილი განმარტავს, რომელ პოლიტიკურ ძალებს მოიაზრებს პარტნიორებად
10/05/2021 08:56:49 პოლიტიკა
პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი თავის პოლიტიკურ პარტნიორებად “ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებელს” მოიაზრებს. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
“ჩემს ბუნებრივ პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ როგორც “ლელოს”, ასევე “სტრატეგია აღმაშენებელს” და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მე სრულად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ შევხედოთ ჩვენს რეალობას, საარჩევნო ფორმულას. შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარდა პროდასავლური ფლანგის გაძლიერების გარეშე, ამ ქვეყანაში ძალიან გაგვიჭირდება ივანიშვილის საბოლოოდ დამარცხება”,– განაცხადა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილი ამ დროისთვის ჯერ კიდევ რჩება ენმ–ის წევრად, თუმცა პარტიულ საქმიანობაში ჩართული არაა და როგორც განაცხადა, პარტიის დატოვების შემსახებ განცხადებას მხოლოდ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთებს.
ენმ–სთან მისი დაპირისპირების საფუძველი შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა გახდა.


