„გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, რაციონალური“ – მელია განმარტავს, შევა თუ არა ენმ პარლამენტში
10/05/2021 14:39:02 პოლიტიკა
პატიმრობიდან ახლადგათავისუფლებული ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტია „მეგობრებთან“ იმსჯელებს.
„პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭირდო კონსულტაციები პარტიაში, მეგობრებთან, არასაპარლამენტო პარტიების ლიდერებთან, პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დასჭირდება არაერთი დღე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები. ერთ საათში პარტიაში კენჭისყრა რომ ჩავატაროთ, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება. მე პარტიაში, ოჯახის წევრებთან ამ საკითხების დეტალურად გავლას ვაპირებ, უნდა დაველაპარაკო ყველა ჩემს კოლეგას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, რაციონალური",– განაცხადა მელიამ.
ამასთან, როგორც მელიამ პატიმრობის შემდეგ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მძიმე მემკვიდრეობა საზოგადოების რადიკალიზაციაა.
მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი ზიზღის კამპანიის გაღვივებითაა დაკავებული და ხელოვნურად უპირისპირდება მედიას, ოპონენტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, რათა საკუთარი ელექტორატი როგორმე შეინარჩუნოს:
„სამი თვის განმავლობაში რასაც მე თვალყურს ვადევნებდი ციხის საკნიდან, თვალშისაცემი გახდა ერთი მთავარი დეფექტი ამ რეჟიმისა, ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ეს არის მკვეთრი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია. ეს არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა".


