"სალომე სამადაშვილს გრიგოლ ვაშაძეს არ შევადარებ. სალომე იყო გულწრფელი"
10/05/2021 19:41:39 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ სალომე სამადაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს ერთმანეთს ვერ შეადარებს.
"ის, რაც მოხდა, რომ არ მომხდარიყო, ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი და ძალიან განვიცადე, თუმცა მტრად გამოცხადება ადამიანის არ შეიძლება... თუ პარტიაში ბედნიერად ადამიანი ვერ გრძნობს თავად, ბუნებრივია, ჯობია ცივილიზებულად ჩვენი გზები არათუ გაიყაროს, დაშორდეს ერთმანეთს დროებით", - განაცხადა მელიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში.
მისი თქმით, ციხეში რომ არ ყოფილიყო, კონფლიქტი არ მოხდებოდა:
„დარწმუნებული ვარ ეს კონფლიქტი არ მოხდებოდა. თუ გარეთ ვიქნებოდი, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიქნებოდი და ბევრი რამ სხვაგვარად წარიმართებოდა – ერთი მოლაპარაკების პროცესი სხვანაირად წარიმართებოდა, მეორე უბრალოდ ურთიერთობებს გავუფრთხილდებოდი. მე არ შევადარებ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს სალომე სამადაშვილს, სალომე სამადაშვილის სასარგებლოდ. არანაირად არ შევადარებ, ახლოსაც ხაზს არ გავავლებ და რატომ იცით? სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილება იმ მომენტში შეიძლება, ბევრმა მიიღო ისე, როგორც მიიღო, მაგრამ მას ეს არ დაუმალავს, მან ეს თქვა, მან ამაზე ისაუბრა პარტიაში და განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა და მუდმივად ასეთი არის სალომე, მე რასაც ვიცნობ. სალომე იყო გულწრფელი, არ დაუმალავს. რაც შეეხება ბატონ გრიგოლს, არაფერი არ უთქვამს, არც წასვლაზე და არც განცხადებაზე და როგორ შევადარო სალომე და ბატონი გრიგოლი?!", – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის: სალომე სამადაშვილმა, რომელიც ოფიციალურად “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, ევროპული შუამავლობით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას მელიას გათავისუფლების შემდეგ დატოვებდა.
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც ენმ-ის თავმჯდომარე იყო, პარტიის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია და დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. მან ევროპული შუამავლობით შემუშავებულ შეთანხმებას ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.


