გახარიას გუნდს ახალი წევრები შეემატნენ
11/05/2021 08:28:25 პოლიტიკა
გორის მერის მოადგილეებმა პაატა ივანიშვილმა და ერასტი ელიჯარაშვილმა თანამდებობები დატოვეს და განაცხადეს, რომ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან.
ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ თანამდებობების დატოვება ზეწოლის ფონზე მოუხდათ.
„თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არაა. მმართველ პარტიას მინდა, ვუთხრა, ხელი არ დააკარონ საჯარო მოხელეებს, რომლების გაშვებასაც აპირებენ. ჩვენ გორს, გორელებს გიორგი გახარიას გუნდთან ერთად დავეხმარებით. ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ“,– განაცხადეს უკვე ყოფილმა სახელმწიფო მოხელეებმა.
გორის მერიც ახადებს, რომ მოადგილეებთან ურთიერთობის პრობლემა ექს–პრემიერის მხარდაჭერა გახდა.
„მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი ბრძანების საფუძველზე იქნენ გათავისუფლებული თანამდებობიდან. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში დაკავებულები იყვნენ გარკვეული პირის რეკლამირებით და თანამშრომლებს მოუწოდებდნენ, დაეჭირათ მისთვის მხარი და მის მხარეს გადასულიყვნენ. მუნიციპალიტეტში და ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ჩვენ უნდა მიგვეხედა ჩვენი მუნიციპალიტეტის ხალხისთვის. ისინი კი იყვნენ დაკავებული სხვა საქმით. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება რომ ასეთი პირები არ უნდა იყვნენ ასეთ მაღალ თანამდებობებზე. ისინი ჩემი ბრძანებით გათავისუფლდნენ. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. რაც შეეხება რაღაც სიებს, არავითარი სიები არ არსებობს. არავის გათავისუფლებას არ ვაპირებთ. ჩემი ბრძანების საფუძველზე შემიძლია მხოლოდ მოადგილეების გაშვება. დანარჩენი თანამშრომლების გაშვება მე არ შემიძლია, მათ იცავს კანონი“, – აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.
ირკევა, რომ თანამდებობა დატოვა ხაშურის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმაც მერის მოვალეობის შემსრულებლის მოთხოვნის საფუძველზე.
„მთხოვა, დამეწერა განცხადება. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ დემოკრატიაში ხელისუფლება მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა. ვფიქრობ, ეს მერის გადაწყვეტილება არაა, დავალებაა. მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება“,– განაცხადა როსებაშვილმა.
რაც შეეხება პოლიტკური კარიერის გაგრძელებას და გახარიას გუნდთან შესაძლო თანამშრომლობას, როსებაშვილი ამბობს, რომ მოიფიქრებს და რომ გადაწყვეტილება არ მიუღია.


