გვასალია ამბობს, რომ სამსახურიდან გახარიასთან მეგობრობის გამო გაათავისუფლეს
11/05/2021 17:15:32 პოლიტიკა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ მიზეზად მხარის გუბერნატორმა გიორგი გახარიასთან მეგობრობა და მასთან თანამშრომლობა დაუსახელა.
ლაშა გვასალია გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
თავის მხრივ, სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გვასალია დაკავებული თანამდებობიდან სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულების საფუძველზე სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისთვის გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ გორის და ხაშურის მერების მოადგილეების შემდეგ თანამდებობები ფოთის და მარტვილის მერების მოადგილეებმა დატოვეს. როგორც თავად ამბობენ, მათ პოსტები დაატოვებინეს, ვინაიდან თავს გიორგი გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებენ.
გახარიას გუნდში პროცესები პოლიტიკურ რეპრესიებად შეაფასეს.


