40 დაღუპული, მათ შორის, 13 ბავშვი – ისრაელისა და პალესტინის მორიგი სისხლიანი შეტაკება

12-05-2021 13:49:16 მსოფლიო

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. 12 მაისის ღამეს განახლებულ სარაკეტო იერიშებს ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც ისრაელი იუწყება, ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით 1000–ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ისრაელის არმიის ცნობით, მათგან 850-მა ისრაელის საზღვარი გადაკვეთა, ხოლო 200 ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ჩავარდა. ისრაელის განცხადებით, ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 5 მოქალაქე, მათ შორის, 3 ქალი და 1 ბავშვი, დაიღუპნენ, ათობით მცხოვრები კი მძიმედ დაშავდა.

დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის ხელისუფლებამ საგანგებო სირენების დახმარებით მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყო. მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ფოტო, რომელიც ერთ-ერთ სამშობიაროშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ ახალშობილები დერეფანში ჰყავთ გაყვანილი.

"ღაზიდან ავიაიერიშის დროს სამშობიარო განყოფილებაში ახალშობილები საწოლებიდან აიყვანეს და როდესაც რაკეტები საავადმყოფოს თავზე ცვიოდა, გამაგრებულ დერეფნებში ხელში ეკავათ ახალშობილები ტერორის უდანაშაულო მსხვერპლები არიან", - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

ამასთან, პალესტინელმა სამხედროებმა დაბომბეს ეილათ-აშკელონის გაზსადენი, ქალაქ ხოლონში კი ჭურვი მოხვდა სამგზავრო ავტობუსსაც.

საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში არსებულ სამიზნეებზე 500-მდე სარაკეტო იერიში განახორციელა. ქვეყნის პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის მოსახლეობა პალესტინელებთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის უნდა ემზადოს.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე განხორციელებული დარტყმების შედეგად რადიკალური მოძრაობა "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" 15 წევრია ლიკვიდირებული.

თუმცა პალესტინა უფრო დიდი მსხვერპლის შესახებ იუწყება. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 35 პირი, მათ შორის, 12 ბავშვი ემსხვერპლა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა 220–ს აღწევს. მისივე მონაცემებით, გარდაცვლილთა 43% ქალები და ბავშვებია.

თელ-ავივის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორის დაბომბვისას რამდენიმე საცხოვრებელი შენობა სარაკეტო თავდასხმით გაანადგურეს.

კერძოდ, პალესტინის ცნობით, ისრაელის სარაკეტო დარტყმებმა გაანადგურა 13–სართულიანი, 10–სართულიანი და 3–სართულიანი საცხოვრებელი შენობები, აღნიშნულის შედეგად სამი პირი დაიღუპა.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში იუწყება, რომ ბეით ჰანონში დაბომბვას საკუთარ საცხოვრებელ სახლში მყოფი მამა და 2 ვაჟიშვილი – 11 წლის იბრაჰიმ ალ–მარსი და 7 წლის მარვანი ემსხვერპლნენ. მისივე ცნობით, 11 წლის ბიჭი სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდი იყო.

გარდაცვლილი ბავშვების დედა

12 მაისის ღამით პალესტინელ სამხედროებსა და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს შორის ორმხრივი ცეცხლისა და სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის პარალელურად, არაბებით დასახლებულ ებრაულ ქალაქებში ლოდსა და რამლაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, ძალადობასა და არეულობაში გადაიზარდა.

რა მოხდა ლოდში

ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა ქალაქ ლოდში, სადაც არაბები ადგილობრივი მოსახლეობის 30%-ს შეადგენენ. დემონსტრანტები თავს დაესხნენ და დაარბიეს სავაჭრო ობიექტები, დაწვეს სინაგოგები და მანქანები. დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს სამართალდამცველებს, რომლებმაც საპასუხოდ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

შექმნილი ვითარების გამო ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ლოდში სასაზღვრო პოლიციის ბატალიონები გაგზავნეს, გადაწყვეტილება ქალაქის მერის იაირ რევივოს მოთხოვნამ განაპირობა. "ლოდში სამოქალაქო ომი დაიწყო", – აცხადებდა რევივო. მოგვიანებით, ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კონფლიქტის ესკალაცია

ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივ საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა დაძაბულობა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

თუმცა სიტუაციის ესკალაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მაინც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ–ჯარას გარშემო განვითარებული პროცესები განიხილება. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ევროკავშირმა სარაკეტო იერიშები დაგმო და მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირსა და ღაზას სექტორში ძალადობის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა.

იორდანიისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღმოსავლეთ იერუსალიმში მომხდარ შეტაკებებთან დაკავშირებით ისრაელის დესპანები დაიბარეს. იორდანიის მეფემ დაგმო მიმდინარე პროცესები და ისრაელს მოუწოდა, შეწყვიტოს “პროვოკაციები იერუსალიმელთა წინააღმდეგ”.

არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, მაროკომ და სუდანმა ასევე გააკრიტიკეს ისრაელი გასული დღეების შეტაკებების გამო. გასულ წელს ამ სახელმწიფოებმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

პალესტინასა და ისრაელს შორის უკიდურესად დაძაბულ ვითარებას გაერო–ს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, ნორვეგიელი დიპლომატი ტოპ ვენესლანდი ეხმიანება და ორივე მხარეს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი:

"დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი. ჩვენ ვუახლოვდებით სრულმასშტაბიან ომს. ყველა მხარის ლიდერებმა დეესკალაციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ. ღაზაში ომის საფასური უდიდესია და ამას ჩვეულებრივი ხალხი იხდის. გაერო ყველა მხრივ მუშაობს მშვიდობის აღსადგენად. შეაჩერეთ ძალადობა ახლავე", –აცხადებს ტოპ ვენესლანდი.

როგორც თეთრი სახლში აცხადებენ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველისგან ​მიიღო ინფორმაცია ისრაელ–პალესტინას შორის განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე.

"ბაიდენმა აშშ–ის შესაბამის სტრუქტურებს ისრაელისა და პალესტინის ლიდერებთან ინტენსიური ურთიერთობისკენ მოუწოდა. აშშ–ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს დეესკალაციისკენ. პრეზიდენტის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი, საკუთარი თავისა და ხალხის დაცვის ლეგიტიმური უფლების მიმართ, ფუნდამენტურია და არასოდეს შეირყევა", – განაცხადა თეთრი სახლის პრეს–სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

მან დაგმო ჰამასის სარაკეტო შეტევები იერუსალიმში, თუმცა იქვე დასძინა:

"ჩვენ წინააღმდეგი ვართ ექსტრემიზმისა, რომელმაც ძალადობა გამოიწვია ორივე მხარეს. მიგვაჩნია, რომ პალესტინისა და ისრაელის ხალხი იმსახურებს, იმას რომ ჰქონდეთ თავისუფლების, უსაფრთხოების, ღირსებისა და კეთილდღეობის თანაბარი პირობები".

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება დაგმო საქართველომაც.

„საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

მანამდე, საქართველოს საელჩომ ისრაელში თანამოქალაქეები გააფრთხილა:

"განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის), ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან! დაბეჯითებით გაფრთხილებთ, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი. მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები“.

ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ისრაელში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები