"ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება, თუმცა შესაძლოა, დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად"
12/05/2021 10:49:15 პოლიტიკა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მიზეზზე საუბრობს, თუ რატომ არ აპირებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენას.
„რა არის პარტიის ღირებულებები, რომლის პოლიტიკური საბჭოს წევრები ძალადობის მოწოდებებს წერენ საჯაროდ, ჩემთვის გაუგებარია. სიმართლე კი ისაა, რომ ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის, თუმცა, შესაძლოა დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად, როგორც არის, უკვე დიდი ხანია“, – აღნიშნავს სალომე სამადაშვილი საკუთარ გვერდზე „ფეისბუქში“, ერთ-ერთ კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად ტოვებს.
მისი თქმით, პარტიას შესაბამისი განცხადებით დღეს მიმართავს:
„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტია, როგორი ნაბიჯები გადადგას. 2016 წელსაც აზრთა სხვადასხვაობა იყო პარტიაში და შემდეგ, როდესაც პარტიას „ევროპული საქართველო“ გამოეყო, ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ საპარლამენტო საქმიანობა იყო. დღეს ოფიციალურად მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას დავტოვებ“.
ცნობისთვის: სალომე სამადაშვილმა ევროპული შუამავლობით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. აღნიშნულის გამო იგი ოპოზიციის რიგმა ლიდერებმა, მათ შორის, თანაპარტიელებმა მწვავედ გააკრიტიკეს. სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ დატოვებდა.


