„სულს გაყიდით!“ – ნათელაშვილმა საზოგადოების 80%–ს „ყველა უბედურების სათავე“ უწოდა

13-05-2021 22:59:05 პოლიტიკა

„ლეიბორისტი“ შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების 80% წარმოადგენს ყველა უბედურების სათავეს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

ნათელაშვილი თვლის, რომ მისი საქმიანობა ამომრჩეველმა არ დააფასა.

„მსოფლიო ეუბნება, რომ არჩევნებს უყალბებენ, სდევნიან, ამხელა პარტია პარლამენტიდან გაგდებულია 20 წელია და სინდისდაკარგული, უზნეო ხალხი ამტკიცებს, ნათელაშვილი ხმებს ყიდისო. ასეთ საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია, სიკეთე ვერ დაინახოს, თავგანწირვა ვერ დააფასოს – პოლიტიკოსის, ადამიანის, მეგობრის, დიდი მომავალი არ აქვს. სად მქონდა გასაყიდი ხმები, ყველა მე მპარავდა: "მოქალაქეთა კავშირი", "ქართული ოცნება", სუს-ი, პოლიცია, პედაგოგები, საარჩევნო კომისიები...

მთელი ქვეყანა თვლის ჩემს ხელფასს, როცა მილიონები და ტრილიონები გაიტანეს აქედან, თავიდან ფეხის ფრჩხილამდე გაგძარცვეს, ჩემი სახლის აგურებს, ჩემს ხელფასს თვლით?. ახლა დამშვიდდით, დაწყნარდით.

საზოგადოების 80%-ს მივმართავ, რომელიც ყველა უბედურების სათავეს წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია, სინდისი გაყიდოს, ჭორი მოიგონოს, ცილი დაგწამოს… დამშვიდდით, ხელფასს არ ვიღებ, ეკონომიკა გაივსო, ქვეყანა ფეხზე დადგა მე რომ ხელფასს არ ვიღებ, სამაგიეროდ, ის პაპუაშვილები, მდინარაძეები, თალაკვაძეები, კუჭავები და სხვები ბედნიერები არიან თქვენი ყაჩაღობით. თქვენც ბედნიერები და კმაყოფილები ხართ, ყველა არჩევნებზე მიხვალთ, გაიყიდებით თანამდებობების, ფულის, პრივილეგიების გამო, სულს გაყიდით და მერე პოლიტიკოსებს და ოპოზიციას დააბრალებთ“,– განაცხადა ნათელაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები