ირაკლი კობახიძე: „ფრაქციის ფორმირება 4 დეპუტატით იქნება შესაძლებელი“

14-05-2021 12:07:47 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება ფრაქციების შექმნის მექანიზმს გაამარტივებს და შესაძლებელი იქნება ფრაქციის 4 დეპუტატით შექმნა.

"მნიშვნელოვანია, რომ გუშინ უკვე შეიქმნა პირველი ფრაქცია, ალბათ, კიდევ შეიქმნება სხვა ფრაქციებიც, ჩვენ გავამარტივებთ ფრაქციების შექმნის მექანიზმს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. 4 დეპუტატით უკვე შესაძლებელი იქნება ფრაქციის შექმნა. აქედან გამომდინარე, არაერთი ოპოზიციური ფრაქცია ჩამოყალიბდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია "ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის" 13 მარტს შეიქმნა. "ლელოს" პარლამენტში ოთხი მანდატი აქვს და ფრაქციას სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე შეუერთდნენ..

ფრაქციის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, გეგმავს, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც გამართოს შეხვედრები.

"გაცნობითი სახის შეხვედრაა, რადგან ზოგს ვიცნობ, ზოგს – არა. მაქვს სურვილი, არა მხოლოდ "ლელოს", არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შევხვდე. რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად არიან პარლამენტის წევრები, თუ რამე დახმარება სჭირდებათ, ტექნიკური იქნება თუ სხვა სახის, ჩემი მხრიდან მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერა. ამიტომ არა მხოლოდ "ლელოსთან", არამედ სხვა პარტიებთანაც ვაპირებ შეხვედრას. ყველა საკითხზე ვისაუბრებ, რაც მათთვის აქტუალურია," - აღნიშნა კახა კუჭავამ.

"ლელოს" წევრის დავით უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი პუნქტების შესრულებას შეეხება.

"გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მივმართეთ ახალი ფრაქციის დარეგისტრირების თაობაზე. ამის შემდეგ მან გამოთქვა ჩვენთან შეხვედრის სურვილი. ჩვენი მხრიდან საუბარი შეეხება მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების დროულ და ხარისხიან შესრულებას.

ჩვენ გვექნება მზაობა, ამ შეთანხმების სულისკვეთებით რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად მივიღოთ გადაწყვეტილებები. შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით საფრთხეები უნდა ავიცილოთ თავიდან. შეთანხმებამდე მისვლა იყო ძალიან რთული, მისი შესრულებაც არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს რთული გზა უნდა გავიაროთ ქვეყნის სასიკეთოდ," - განაცხადა უსუფაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები