„უფრო მწვავე განცხადებებსაც გავაკეთებ, რომ ვიღაც-ვიღაცებმა ყური შეიბერტყონ“ – რატომ განაწყენდა კახიშვილი საკუთარ გუნდზე?

14-05-2021 12:39:49 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატ კახი კახიშვილს 13 მაისს გაკათებულ მწვავე განცხადებებთან დაკავშირებით განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ თუ დეპუტატს აქვს ინტერესი, სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, მასთან კონსულტაციები შედგება.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ კახიშვილს პარლამენტის ფორმირების პროცესში ორი თანამდებობა შეეთავაზა:

„შემიძლია, საიდუმლო გაგიმხილოთ: როდესაც არჩევნების შედეგ პარლამენტი ყალიბდებოდა, მას ორი სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა. რაიმე ინტერესი თუ არის, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება“.

თუმცა კობახიძის კომენტარი არ პასუხობს კახიშვილის მიერ გაჟღერებულ ძირითად პრეტენზიებს. კერძოდ, კახიშვილმა 13 მაისს „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ როგორც მაჟორიტარს, კონკრეტული საქმის გაკეთებაში ხელს ბიუროკრატიული მანქანა უშლის. ამ კონტექსტში მან ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ის გარემოება დაასახელა, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ:

„მე კი ვმუშაობდი პოლიტიკურ თანამდებობებზე, მაგრამ ასეთი პირდაპირი შეხება პოლიტიკასთან, როგორიც დღეს პარლამენტიდან მაქვს, არ მქონია და სიმართლე გითხრათ, არც სურვილი არ მქონია, რომ ეს გამოცდილება მიმეღო. ახლა უფრო მეტად ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი და არ შევსულიყავი პარლამენტში და გამეგრძელებინა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობა.

მე არ ვარ ლიდერი, ლიდერები სხვები არიან, მე რიგითი დეპუტატი ვარ. არავინ არ მებრძვის, მაგრამ, ამავდროულად, თვლიან, რომ ვიღაცა უფრო კარგად აკეთებს რაღაცას პარლამენტში და გააკეთოს, კი ბატონო, ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, კახიშვილი გამოჩნდება თუ არ გამოჩნდება, ჩემთვის მთავარია, უმრავლესობა, რომლის წევრიც ვარ, არ მინდა გაილანძღოს. რაღაც საკითხებს ვერ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ბიუროკრატიული მანქანა მიშლის ხელს. არ მუშაობს კარგად მექანიზმი. როდესაც მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ მე ვიქნები ადამიანი, რომელიც იქნება შუამავალი საკანონმდებლოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, მე ამ პასუხისმგებლობას ვატარებ და ვერავის მივცემ საშუალებას, გამანულოს და სიტყვა, რომელიც ნათქვამი მქონდა, ვერ შევასრულო. ამიტომ, თუ საჭირო იქნება, უფრო მწვავე განცხადებებსაც გავაკეთებ იმისთვის, რომ ცოტა ვიღაც-ვიღაცებმა ყური შეიბერტყონ და რეაგირება დროულად მოახდნონ“,– განაცხადა კახიშვილმა თუმცა კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

მისი თქმით, უნდა არსებობდეს მაჟორიტარ დეპუტატებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის საკომუნიკაციო არხი.

„ჯანდაცვის საკითხებზე თუ ექნება მოსახლეობას პრობლემა, უნდა ვიცოდე, ვის უნდა დავურეკო და იუსტიციის საკითხებზე, ვის უნდა დავურეკო და ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ დავალება, რომ მაჟორიტარებთან იმუშაონ დროულად, იმიტომ, რომ ზოგჯერ იმდენ მადლობას ვუხდი, თითქოს ჩემი სასიცოცხლო საქმე გადამიწყვიტა, არადა სამადლობელო არაფერი არ არის, ეს არის იგივე იმის სამსახური, როგორც ჩემი სამსახური.

არ ვფიქრობ, რომ დღეს მე ჩუმად რომ ვიყო, ხალხის უკმაყოფილება უფრო მეტად გაიზარდოს და საბოლოოდ, ეს ხალხი გაგიჟებული მოვა და ყველას გვიფრენს, ეს არის გამოსავალი. მე მომხრე ვარ, დღეს ვთქვა, რაც გვაწუხებს და იქნებ გამოვფხიზლდეთ და უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე კეთდება, ვიდრე ჩუმად ვისხდეთ, ერთმანეთს "სმაილიკები" ვუგზავნოთ, "რა მაგრები ვართო" და ამასობაში უკმაყოფილებამ იმატოს“.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ პარტიის დატოვებას არ გამორიცხავს და მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში სხვა პარტიას არ შეუერთდება:

„გავალ, თუ ვნახავ, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყო, რასაც მე არსებითად არ ვეთანხმები. ყველა გადაწყვეტილებას არ შეიძლება, დაეთანხმო, მაგრამ განხილვებში მონაწილეობას უნდა იღებდე. თუ ვნახავ, რომ განხილვებში არ ვიღებ მონაწილეობას და უბრალოდ ვიღაცას სურს, რომ უკვე მომზადებულ განცხადებას ან გადაწყვეტილებას დავუწკაპუნო და მხარი დავუჭირო, ასეთ რაღაცას მე არ გავაკეთებ, არც არასდროს გამიკეთებია და არც ახლა ვაკეთებ“.

განახლება

კახიშვილმა კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ თანამდებობა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ყოველთვის არ არის და მისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა მსგავსი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ:

„სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რა გასატანი იყო. ეს იყო ოთხ კაცში საუბარი, რომელიც შედგა პარტიაში. მე არ მეგონა, რომ მაინცდამაინც განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო. კარგია, დაადასტურეს ამით, რომ ჩემთვის საოცნებო თანამდებობა არაა. რადგან ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, ალბათ იფიქრა, რატომ მიდის, აგერ თანამდებობა შევთავაზეთო. მეორე საკითხია, რომ მხოლოდ თანამდებობა არ არის ყოველთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები