დასაქმება უცხოეთში – როგორ ხორციელდება შეთანხმების დოკუმენტი

18-05-2021 10:59:53 ინტერვიუ

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ფარგლებში აქვთ დროებით, ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ისრაელის სახელმწიფოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში [ავიაბილეთები შეგიძლიათ, შეიძინოთ ბილეთების ონლაინ პლატფორმებზე, როგორიცაა: AviaTbilisi.com], რის შესახებაც „აქცენტი“ მკითხველს პერიოდულად აწვდიდა ინფორმაციას მოქალაქეების მხრიდან გამოხატული ინტერესის საპასუხოდ. ამჯერად „აქცენტი“დაინტერესდა, შექმნა თუ არა რაიმე სახის პრობლემა დასაქმების მსურველთათვის ისრაელში არსებულმა მოვლენებმა, რამდენი ჯგუფი გაემგზავრა გერმანიაში და როგორია უკვე დასაქმებულ პირთა გამოცდილება? – ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის უფროსს ნატალია ჩუბინიძეს ესაუბრა.

ისრაელში დასაქმება – აქვს თუ არა პროცესზე გავლენა ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობას?

როგორც „აქცენტს“ ნატალია ჩუბინიძე ეუბნება, „ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეების დროებითი დასაქმების შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში დასაქმების მსურველთა განაცხადების შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შეთანხმების ფარგლებში დასაქმების ინტერესი 1500–ზე მეტმა პირმა გამოთქვა, მაგრამ ვინაიდან ისრაელის სახელმწიფოს ხელშეკრულებაში აქვს გათვალისწინებული საკმაოდ მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შერჩევის პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს.

ნატალია ჩუბინიძე ვარაუდობს, რომ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, პირველი ჯგუფი საქართველოდან დაახლოებით, თვენახევარში გაემგზავრება, თუმცა გათვალისწინებული იქნება პარტნიორ ქვეყანაში არსებული ვითარება, აცნობიერებს რა სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებას:

„ჩვენ ხშირი კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან და საკითხი დარეგულირდება ურთიერთშეთანხმების პრინციპით. თავად ხელშეკრულებას კი ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება“.

ვაკანსიები გერმანიიდან და კომუნიკაცია დასაქმებულებთან

ნატალია ჩუბინიძე განმარტავს, რომ გერმანიის ფედერალური დასაქმების სახელმწიფო სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა დამსაქმებლებისგან და შემდეგ აგზავნის ქართულ მხარესთან. ამ დროისთვის გერმანული მხარის მიერ პარტნიორებთან საქართველოში გადმოგზავნილი არის სულ 632 ვაკანტური ადგილის შესახებ ინფორმაცია და ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ გერმანული მხარე იღებს, საქართველოდან შესაბამისად გაიგზავნა საპასუხოდ, 730 განაცხადი.

ამასთან, ირკვევა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით ჯამში ოთხი ჯგუფი (54 მოქალაქე) გაემგზავრა და როგორც ნატალია ჩუბინიძე გვეუბნება, მათთან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება კომუნიკაცია:

„როგორც ყველა წამოწყებას, ამ საკითხშიც არის პოზიტიური გამოცდილება, თუმცა არის გამოწვევებიც: სამწუხაროდ, ერთ შემთხვევაში გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან არაჯეროვნად მოხდა შეთანხმებული პროცედურების შესრულება. ცხადია, მოწოდებული ვართ, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, ყოველდღიურ რეჟიმში ვართ კომუნიკაციაში გერმანიის ფედერაციულ დასაქმების სააგენტოსთან, რომ ამ ადამიანების ჩივილები რაც შეიძლება, მოკლე ვადაში იქნეს გათვალისწინებული და ხელშეკრულების პირობები – შესრულებული.

მსგავსი შემთხვევების გამორიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ეს სამუშაო პროცესია, რომელშიც ორივე სახელმწიფოა ჩართული და დარწმუნებული ვარ, საკითხი ძალიან მალე დარეგულირდება“.

არის თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია

როგორც ცნობილია, ისრაელის სახელმწიფო საკუთარ მოთხოვნებში ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა როგორც ნატალია ჩუბინიძე გვეუბნება, გერმანულ მხარეს საკუთარი მოთხოვნები არ შეუცვლია. შესაბამისად, გერმანული მხარე ამ ეტაპზე ვაქცინაციის მოთხოვნას არ აყენებს და დასაქმებულებისგან მხოლოდ COVID ტესტის პასუხის წარდგენას ითხოვს, რომელიც, ბუნებრივია, უარყოფითი უნდა იყოს.

სამუშაოს მაძიებელთა შერჩევის პროცესი

აჭარა, გურია, ზემო იმერეთი, სამცხე–ჯავახეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო – ამ რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა კანდიდატები უკვე შეარჩიეს, ჩაატარეს გასაუბრებები და ამჯერად პროცესის გაგრძელებას ქვემო ქართლში გეგმავენ.

„რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოვიცავთ და შემდგომ განმეორებით მოხდება საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება იმ რეგიონებში სადაც უკვე ჩატარდა მსგავსი შეხვედრები. არასწორი მოლოდინია, რომ დარეგისტრირებული ათიათასობით ადამიანის ერთდროულად, ორიოდ თვეში გამგზავრება მოხერხდება ეს არც არის პროგრამის მიზანი. შეთანხმება დროში შეზღუდული არაა – 2022 წელშიც გაგრძელდება იმ შემთხვევაში თუ კეთილსინდისიერად მოხდება პროცესის მონაწილეთა მხრიდან, შეჯერებული პირობების დაცვა: მაგალითად, ამ შეთანხმების ფარგლებში გაემგზავრებიან დროებით, ლეგალური დასაქმების მიზნით და შემდეგ უკან დაბრუნდებიან, რაც სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია პროცესის წარმატებისთვის და გერმანული მხარე კი თავის მხრივ, შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. სააგენტო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურ რესურსს დებს ამ მიზნით – მაქსიმალურად ვაწვდით სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტის ეფექტიან განხორციელებას. კეთილსინდისიერი შრომის პირობებში ამაღლდება საქართველოდან ჩასული მუშა–ხელის რეპუტაცია, შინ დაბრუნებული პირი კი მიღებულ ცოდნას, გამოცდილებას გამოიყენებს. ეს საკითხი ხდება ხოლმე ქილიკის საგანი, მაგრამ ასე მარტივადაც არაა საქმე: დავუშვათ, ვფლობ მიწის ნაკვეთს, თუმცა არ მაქვს გადაწყვეტილი, როგორ გამოვიყენო ის უფრო ეფექტიანად, იმავდროულად, მომეცა შესაძლებლობა, გერმანიაში ვნახო, რა კულტურებია, როგორ ამუშავებენ, რამაც შესაძლებელია მომცეს დამატებით სტიმული და უკან საკუთარი იდეებითაც დავბრუნდე. ამდენად, მაქსიმუმი უნდა მივიღოთ ამ შეთანხმებისგან და რაც მთავარია, სწორედ იმ ხალხმა უნდა მიიღოს სქემაში მონაწილეობა, რომელსაც დროებით და ლეგალურად დასაქმება სურს,“– დასძენს ნატალია ჩუბინიძე.

სხვა ქვეყნებში დასაქმების პერსპექტივა

როგორც ნატალია ჩუბინიძე ამბობს, დროებითი ლეგალური დასაქმების თაობაზე შეთანხმება ხელმოწერილი არის საფრანგეთთან და ამჟამად მიმდინარეობს მისი იმპლემენტაციის კონკრეტულ გზებზე მსჯელობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. გარდა უკვე ხელმოწერილი შეთანხმებებისა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დროებითი დასაქმების უფლების საკითხებზე მუშაობა კვიპროსთან და ბულგარეთთან მიმდინარეობს. მხარეები ჯერ–ჯერობით ინფორმაციის გაცვლის ეტაპზე არიან, ქართული მხარე ოპტიმისტურადაა განწყობილი: „მთავარია, ეს შესაძლებლობები იმგვარად გამოვიყენოთ, რისთვისაცაა შექმნილი,“- ამბობს ჩუბინიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები