არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს

18-05-2021 14:43:37 პოლიტიკა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

"ეს პროცესი პროფესიონალურად რომ წარიმართოს, ბიუჯეტით მოვითხოვეთ 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ ამ გადათვლის პროცესს, როცა შევათანხმებთ, რომელი უბნების გადათვლა მოხდება და რა პრინციპით. ეს ადამიანები განახორციელებენ გადათვლას, მაგრამ ჩვენ ვიქნებით დამსწრე, ზედამხედველი და იმის მაკონტროლებელი, რომ ეს პროცესი სწორად მიმდინარეობს. საჯაროობა და ღიაობა უზრუნველყოფილი რომ იყოს, მნიშვნელოვანი იქნება, პროცესი ლაივსტრიმით, პირდაპირ ეთერში გადაიცეს“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, კომისიის აპარატის ფარგლებში მოხდება თანამშრომლების დაქირავება, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან თითოეულ სხდომასთან დაკავშირებით საოქმო ჩანაწერებზე, ასევე, საორგანიზაციო საკითხების მიმართულებითაც.

„ერთი ადამიანი იქნება, რომელიც კომისიის მუშაობის ამსახველ დასკვნას მოამზადებს და შემდგომში ეს დასკვნა ჩვენ წარგვედგინება, რაც განიხილება კომისიის მუშაობის ფორმატში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, მხარს ვუჭერთ თუ არა დასკვნის ამ ფორმას. მხარდაჭერის შემთხვევაში კი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს და პარლამენტის პლენარულ სესიას შემდგომი განხილვა-დამტკიცებისთვის“, – განაცხადა მიქანაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები