ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

18-05-2021 16:30:58 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციის "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ რამდენიმე წუთის წინ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. დაშავებული ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

პროტესტის ამ ფორმას ღოღობერიძემ მას შემდეგ მიმართა, რაც ფინანსურ პოლიციაში მის წინააღმდეგ აღძრული საქმის დეტალების გასაცნობად მივიდა, თუმცა გამომძიებლები არ შეხვდნენ.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ფინანსურ პოლიციას ღოღობერიძის წინააღმდეგ გამოძიება აქვს დაწყებული.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"დღეს ქ. ბათუმში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოსთან მოქალაქე მ.ღ.-ს მიერ, პროტესტის მიუღებელი ფორმით განხორციელებულ ქმედებასა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული საზოგადოების მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით.

გამოძიება დაიწყო 2021 წლის 25 თებერვალს, შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, დანაშაულებრივ სქემაში ჩართულია რამდენიმე კომპანია, რომელთა შორის ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, განხორციელებულია უკანონოდ მოპოვებული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია.

სამართალდამცავი უწყება აქტიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს საჭირო ფაქტობრივი გარემოებების გარკვევისა და შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები